თავისუფლების ქუჩაზე "საქართველოს ფოსტის" ახალი სერვისცენტრის
მშენებლობა იგეგმება. ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას
გამოთქვამს და ამ ადგილას სკვერის გაშენებას ითხოვს.
ნათელა ირემაშვილი, იმ კორპუსში ცხოვრობს, რომლის წინაც ფოსტის ახალი
შენობა უნდა აშენდეს. როგორც ასაკოვანი ქალბატონი გვიყვება, დღის
გარკვეულ ნაწილს სწორედ იმ ადგილას ატარებს, სადაც ამჟამად ბანერია
განთავსებული.
"სხვა ადგილი ვერ ნახეს? ჩვენი ერთადერთი გასასვლელი ეგ არის და როგორ
შეიძლება მანდ მშენებლობა? როდესაც გამოთბება, მეზობლები გავდივართ და
იქ ვზივართ. ისედაც ეზო არ გვაქვს და ახლა კიდევ თუ შენობას
ააშენებენ, გასასვლელიც არსად გვექნება. თქვენ თვითონ ნახეთ, არის
იმხელა ადგილი, რომ აქ რამე აშენდეს? ჯობია სკვერი გააკეთონ, ადამიანი
დაჯდება და დაისვენებს მაინც."
მას ამავე კორპუსის სხვა მცხოვრებლებიც ეთანხმებიან.
"თავის დროზე, როდესაც აქედან "პაპა და შვილიშვილის" ძეგლი აიღეს,
სურვილი გვქონდა, რომ აქ სკვერი გაკეთებულიყო, ადგილობრივი
ხელმძღვანელობაც დაგვპირდა, მაგრამ საბოლოოდ ყურადღება არავინ
მოგვაქცია. მშენებლობას, რომ დაიწყებენ, ალბათ ხეებსაც გაჩეხავენ და
სუნთქვა აღარ უნდა ადამიანს? თუ ფოსტა აშენდა, იქ მომსვლელი ხალხი
ტრანსპორტს ალბათ ჩვენს ეზოში გააჩერებს, რადგან ფიზიკურად სხვაგან
ადგილი არ არის. პატარა ბავშვები გვყავს და ამის შემდეგ თავისუფლად
ეზოშიც ვეღარ გავუშვებთ." - ამბობს კორპუსის მოსახლეობა.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტეს, ფართი
მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში აღარ არის.
"ეს ადგილი გურჯაანის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით ეკონომიკის
სამინისტრომ საქართველოს ფოსტას გადასცა. იქ ახალი ერთსართულიანი
კეთილმოწყობილი შენობა აშენდება, რომელიც საფოსტო სერვისების
განხორციელებას მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს."-აღნიშნა გურჯაანის
მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.
იმის გასარკვევად, თუ როდის დაიწყება ახალი შენობის მშენებლობა და
რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში, საქართველოს ფოსტას
დავუკავშირდით.
"ქალაქ გურჯაანში საქართველოს ფოსტის სერვისცენტრის მშენებლობა წლის
ბოლომდე იგეგმება. სამუშაოები ივნისში დაიწყება და სავარაუდოდ, სამ
თვეში დასრულდება. აღნიშნული ცენტრი მოსახლეობას მომსახურებას ყველა
იმ სერვისის გათვალისწინებით გაუწევს, რასაც ამჟამად "საქართველოს
ფოსტა" ახორციელებს. რაც შეეხება ძველ შენობას, ის არ აკმაყოფილებს
მომსახურების იმ სტანდარტებს, რაც დანერგილია „საქართველოს ფოსტის“
სერვისცენტრებში."-აღნიშნულია წერილში, რომელიც ქონების მართვის
სამსახურის უფროსის როსტომ ნალბანდიშვილის სახელით
გამოგვიგზავნეს.
მათივე განმარტებით, პროექტის მიხედვით ავტოსადგომის მოწყობაც
იგეგმება, ამიტომ მოსახლეობას ამ კუთხით პრობლემები არ შეექმნება.
რაც შეეხება სკვერის მოწყობას, ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ამის
პირობა მოსახლეობას ჯერ კიდევ 2013 წელს მისცა. მაშინდელი საკრებულოს
თავმჯდომარე
ავთანდილ ზარდიაშვილი
ამბობდა, რომ საკითხი, სავარაუდოდ 2014 წლის გაზაფხულზე
მოგვარდებოდა, რადგან იმ დროისთვის ბიუჯეტში ცვლილებების უფლება აღარ
ჰქონდათ.
მასალის გამოყენების პირობები