კრიზისულ ცენტრს გურჯაანში ძალადობის მსხვერპლმა 20-მდე ქალმა მიმართა
დაახლოებით ერთი თვეა, რაც „ძალადობის დაცვის ეროვნულმა ქსელმა“
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრი გურჯაანში
გახსნა. როგორც speqtri.ge-ს ორგანიზაციის კახეთის რეგიონალური
კომიტეტის თავმჯდომარემ ჯილდა ნიბლაძემ განუცხადა, მათ დახმარებისთვის
უკვე ოცამდე ბენეფიციარმა მიმართა.
„აქედან ორი იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევა, დაფიქსირდა ოჯახური
და ფსიქოლოგიური ძალადობაც. დროებით თავშესაფარში მოვათავსეთ ერთი
გოგონა. ჩვენთან მსხვერპლს ერთ დღე-ღამეზე მეტხანს ვერ ვაჩერებთ, ამის
საშუალება არ გვაქვს. ახლა წნორში გაიხსნა თავშესაფარი და თუკი ვინმეს
დასჭირდება, შეიძლება ორი თვით იქ გადავიყვანოთ. ფსიქოლოგიური
ძალადობის სამი შემთხვევა გვქონდა, ერთი ყვარლის მუნიციპალიტეტში, ორი
ლაგოდეხში. ბენეფიციარი ქალები სამსახურში ზეწოლას განიცდიდნენ. ისინი
ერთი და იგივე პოზიციაზე მუშაობდნენ, თუმცა ქალებს უფრო ნაკლები
ანაზღაურება ჰქონდათ. როდესაც მათ თანაბარ პირობებში ჩაყენება
მოითხოვეს, დაემუქრნენ, რომ საერთოდ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან.
ჩვენ შეგვიძლია იურიდიული, ფსიქოლოგიური, თუ სატელეფონო კონსულტაციის
გაწევა. დაგვირეკეს იორმუღანლოდან, ქალს სცემდა მამა, შვილი და რძალი.
ჩავედით ადგილზე და იქ გავესაუბრეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ქალებმა არ
იციან, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები. ჩვენი ორგანიზაცია
ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომლის ფარგლებშიც დავდივართ
კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში და ვავრცელებთ საინფორმაციო ბუკლეტებს.
ვფიქრობთ, ყველა სოფელში შევიდეთ და მუნიციპალიტეტის გამგებლის
წარმომადგენელებს გავაცნოთ ის უფლებები, რაც მათ აქვთ ოჯახური
ძალადობის შემთხვევის დროს. გამოვიდა ორგანული კანონი, სადაც რაიონის
გამგებლებს ოჯახური კონფლიქტის მოგვარებაში ჩართვის უფლება ეძლევათ,
რა სახით ეს მათი გადასაწყვეტია. შეუძლიათ პოლიცია გამოიძახონ, ან
შეარიგონ.“- აღნიშნა „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის“
კახეთის რეგიონალური კომიტეტის თავმჯოდომარემ ჯილდა ნიბლაძემ.
შეგახსნებეთ, რომ კრიზისული ცენტრი მიმდინარე წლის 10 მარტს გაიხსნა.
ცენტრი პოლონეთის საელჩოს, შვედური ორგანიზაცია „ ქალები
ქალებისათვის“ და ინგლისური არასამთავრობო ორგანიზაციის მხარდაჭერით
შეიქმნა.
მასალის გამოყენების პირობები