„არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, არჩევნები გაიმართება 8 ოქტომბერს
და ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“- ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საარჩევნო თარიღი პრეზიდენტთან
კონსულტაციის და სერიოზული მსჯელობის შედეგად შეირჩა. რაც
შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადებას და ე.წ. "მრიცხველის
ჩართვას", პრემიერის თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას მოგვიანებით
მიიღებს.
" ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები გაიმართოს 8
ოქტომბერს. რატომ 8 ოქტომბერი? მოგეხსენებათ მაჟორიტარული არჩევნების
შემთხვევაში, შესაძლებელია, გაიმართოს მეორე ტური. თუ ჩვენ ოქტომბრის
ბოლოსთვის გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე
ტურამდე მისვლას და შესაძლოა ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების
შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. " – აღნიშნა
პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყების საკითხთან
დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე კონსულტაციები
მიმდინარეობს, რომელშიც ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია.
"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნების უფლება, რომ დამატებით 7 და 8 მილიონი
ლარი გადავიხადოთ, მხოლოდ იმის გამო, რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს
მრიცხველი. დღეს მიმდინარეობს მსჯელობა ფინანსურ და ტექნიკურ
საკითხებთან დაკავშირებით, ჩართულია ცენტრალური საარჩევნო კომისია
მსჯელობის პროცესში და კონსულტაციების შედეგად მივიღებთ
გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი. არ შეიძლება
ქვეყანამ 7-8 თვე იცხოვროს წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში, ამიტომ
ეს არის ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი დამატებითი კითხვები არ
არსებობს," – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები