რამდენად უსაფრთხოა გურჯაანელი მოზარდებისთვის გვირაბით სარგებლობა
გურჯაანის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული
გვირაბი, რომლითაც ხშირად მოსწავლეები სარგებლობენ, დაბინძურებული და
ჩაბნელებულია, რის გამოც საღამოს გავლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ნათია ორველაშვილს, ამ გზით სიარული დღეში რამდენჯერმე უწევს. როგორც
თვითონ ამბობს, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული მიზეზების გამო, გვირაბით
არ სარგებლობს.
"ბავშვი მეორე კლასში დამყავს და ყოველდღე მიხდება სკოლაში წამოსვლა.
გვირაბით იშვიათად ვსარგებლობ, რადგან ის დაბინძურებულია და საშინელი
სუნი დგას. ერთხელ ცოტა უხერხულ სიტუაციასაც შევესწარი. ამის გამო
უფრო ხშირად ლიანდაგზე გადასვლას ვამჯობინებ. უფროსი შვილი მეხუთე
კლასშია. მასაც ვეუბნები, რომ გვირაბით არ გამოიაროს. ამიტომ ან
რკინიგზაზე გადმოდის, ან კიდევ ხიდისქვეშა გზით სარგებლობს. ორივეგან
საშიშია, მაგრამ ვფიქრობ, აქ უფრო მეტი საფრთხეა."-აღნიშნა მან.
როგორც კალოსუბნის მკვიდრი თინათინ კეზერაშვილი ამბობს, გადასასვლელში
ერთხელ ჩხუბსაც შეესწრო.
"გასულ წელს საღამოს სახლში მივდიოდი. გვირაბში სპეციალურად არ
ჩავედი, ზემოდან ვაპირებდი გადასვლას, მაგრამ ჩხუბის ხმა გავიგე.
ვიფიქრე, რამე არ მოხდეს მეთქი და ახლოს მივედი. 5 თუ 6 პატარა ბიჭი
ჩხუბობდა. ქვემოთ კაცები იდგნენ, დავუძახე და იმათ გააშველეს.
ვფიქრობ, რომ ამას ვინმე უნდა აკონტროლებდეს. კალოსუბნის მოსახლეობას
და ბავშვებს, რომლებიც სკოლაში დადიან, ყოველდღე ამ გზით უწევთ
სარგებლობა. ამ ტერიტორიას ვინმემ აუცილებლად უნდა აქცევდეს
ყურადღებას. ასევე, განათებაც აუცილებელია."
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის
სპეცილისტის გია ამისულაშვილის თქმით, გადასასვლელი რკინიგზის
დეპარტამენტს ეკუთვნის.
"მათ გააკეთეს თავიანთი ხარჯებით. წლების წინ ხალხი რკინიგზაზე
გადადიოდა, რადგან გასასვლელი მოუწესრიგებელი იყო. შარშან კალოსუბნის
მხრიდან შემოსასვლელი კიბე მოვაწესრიგეთ და გვირაბში ასფალტი დავაგეთ.
წელს ახალი პროექტი კეთდება. ქალაქში, სადაც ჯერ კიდევ არ არის
განათება, ყველგან გაკეთდება და მაგ ტერიტორიაზეც აუცილებლად იქნება.
რაც შეეხება სისუფთავეს, მასზე დასუფთავების სამსახური
ზრუნავს."-აღნიშნა გია ამისულაშვილმა.
რა პერიოდულობით სუფთავდება გადასასვლელი, ამის გასარკვევად შპს
"კეთილმოწყობის" სამსახურის დირექტორს დათო გოგებაშვილს
დავუკავშირდით.
"მაგ ტერიტორიის მოვლა ჩვენ არ გვევალება, მაგრამ ვასუფთავებთ.
შეიძლება ყოველ კვირა იყოს საჭირო, შეიძლება თვეში ერთხელ. დღესაც
მანდ მუშაობდნენ ჩვენი თანამშრომლები." - გვითხრა მან.
ჯერ კიდევ 2013 წლის მაისში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის
მაშინდელმა მოადგილემ ზვიად ყვირალაშვილმა (დღეს ის საკრებულოს
თავმჯდომარის მოადგილეა) აღნიშნა, რომ ჩამოყალიბდებოდნენ და ამ
საკითხს გადაჭრიდნენ, თუმცა, პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.
მასალის გამოყენების პირობები