ამიერიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
საჩივრის წარდგენა მოქალაქეებს ელექტრონულად შეეძლებათ.
საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე
განთავსებულ ადმინისტრაციული
საჩივრის ელექტრონული პროგრამის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს
საშუალება აქვთ, საჩივარი სახლიდან თუ ოფისიდან გაუსვლელად,
ინტერნეტით გაგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქისთვის პროგრამაში პერსონალური
გვერდი იქმნება, რომელზე წვდომაც მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი
ადგილიდან აქვს. აქვე შესაძლებელია ელექტრონული ადმინისტრაციული
საჩივრის მზა ფორმის მოძიებაც. საჩივარზე მიღებული პასუხი მოქალაქის
პერსონალურ გვერდზე აისახება. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში
რეგისტრირებული ყველა დაინტერესებული პირის ისტორია მის პერსონალურ
გვერდზე ინახება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია კონკრეტული საჩივრის
მომზადების, ელექტრონულად გაგზავნის და მათზე საჯარო რეესტრისგან
მიღებული პასუხების მოძიება.
"საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და ამ გზით მოქალაქეებისთვის
საჯარო რეესტრთან კომუნიკაციისა თუ მისგან სერვისების მიღების
გამარტივება ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი. ადმინისტრაციული
საჩივრის ელექტრონული პროგრამა მოქალაქეებისთვის ამცირებს ბარიერებს,
გაცილებით ამარტივებს, აჩქარებს საჩივრის წარდგენის პროცესს და მას
კიდევ უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის",- აცხადებს საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.
ადმინისტრაციული საჩივრების ელექტრონული პროგრამა თავად საჯარო
რეესტრისთვისაც გააუჯობესებს ადმინისტრაციული საჩივრების მონიტორინგის
პროცესს და მისი საქმიანობის ეფექტურობასაც გაზრდის. პროგრამა საჯარო
რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერ არის შექმნილი.
მასალის გამოყენების პირობები