თელავში, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზე
სამი მუნიციპალური ტრანსპორტი ღია ცისქვეშაა განთავსებული.
"ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის“ ინფორმაციით, დაზიანებულია
ავტობუსის ფანჯრები, კარის საკეტები, სალონი და საბურავები, ასევე
სხვა დეტალებიც. მათივე ცნობით, წლების წინ ტრანსპორტი ქალაქის
მასშტაბით შეღავათიან ფასში მოძრაობდა. გარკვეული დროის განმავლობაში
კი მოსახლეობას უფასოდაც ემსახურებოდა.
„გირჩი“ინიციატივით გამოდის, რომ მერიამ ავტობუსები შეაკეთოს და
მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა აღდგეს, ან გაყიდოს და თანხით
ახალი ავტობუსი შეიძინოს.
„უკვე რამდენი ხანია ეს ავტობუსები ასეა გაჩერებული, მას არც
ყიდიან და არც რამეში იყენებენ. თელავში სოფლების მიმართულებით
გადაადგილების სერიოზული პრობლემაა. ქალაქში 6 საათის შემდეგ რაიმე
ღონისძიების დაგეგმა ნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობა ვერ ჩაერთვება.
ეს პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ამ სამი ტრანსპორტის გამოყენებით, ან
მათი გაყიდვით და უფრო პატარა ავტობუსის შეძენით, რომელსაც ნაკლები
საწვავი დასჭირდება. თუ ეს არ გაკეთდა, ძალიან მალე გამოუყენებელი
გახდება და ვეღარც გაყიდვას შეძლებენ, თუ, რა თქმა უნდა, უკვე
უფუნქციო არ არის.“- ამბობს "ახალი პოლიტიკური ცენტრი
გირჩის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი ტორესა მოსი.
საკითხის გარკვევას speqtri.ge თელავის მერიაში შეეცადა. როგორც
განმარტეს, აღნიშნული ტრანსპორტი მათ ბალანსზე არ ირიცხება.
„აქედან გამომდინარე მის გამოყენებას ან პრივატიზებას ვერ
შევძლებთ. ავტობუსები ამორტიზებულია და მერიამ შეძლო, უსაფრთხო
ადგილას მოეთავსებინა. ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გაგვერკვია
მესაკუთრე, მივმართეთ შესაბამის უწყებებს, მათ შორის, საპატრულო
პოლიციასაც, აღმოჩნდა, რომ არც ერთ მესაკუთრეზე არ არის
რეგისტრირებული. ჩვენი ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს, როდესაც
ამ ტრანსპორტის შემოყვანა მოხდა, ქონება არ განუბაჟებიათ, არც
რომელიმე სამსახურის ბალანსზეა რეგისტრირებული.“- აღნიშნა
თელავის მერიის პრესსამსახურმა მურად ფანცქალაშვილმა.
მერიაში განმარტავენ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნასთან
დაკავშირებით, აქტიურად მუშაობენ და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმასაც
გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები