ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით პარიზში, ბლუაში, ანჟეში,
სომურსა და ორლეანში ქართული ქვევრის
ღვინო სხვადასხვა ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.
ღვინის პროფესიონალებს, მოყვარულებს, მედიისა და ბიზნესის
წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი
მწარმოებლების ღვინოები: "იაგოს ღვინო", "ხოხბის ცრემლები", "რამაზ
ნიკოლაძის მარანი", "ოქროს ღვინო", "მეღვინეობა ნიკი ანთაძე",
"ნათენაძის ღვინის მარანი" და "მარიამ იოსებიძის ღვინო".
ქალაქ სომურში გამართულ ბუნებრივი ღვინოების გამოფენას, სადაც ქვევრის
ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ, საფრანგეთში საქართველოს ელჩი
ეკატერინე სირაძე-დელონე და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე
გიორგი სამანიშვილი დაესწრნენ. გამოფენა ტრადიციულად ცქრიალა
ღვინოების მწარმოებელი კომპანიის
„Ackerman” ისტორიული გვირაბში ჩატარდა. ორდღიან გამოფენაში
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა.
"აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ქვევრის ღვინოები, რომელზეც უფრო
და უფრო მეტს საუბრობენ საფრანგეთში. ქვევრის ღვინო ჩვენი ერთგვარი
სავიზიტო ბარათია, იმისთვის რომ ქართული ღვინო უფრო ცნობილი გახდეს ამ
უმნიშვნელოვანეს და უდიდეს ბაზარზე. საფრანგეთში ღვინის წარდგენით
ქართული ქვევრის ღვინო ცნობილი ხდება ფაქტობრივად მსოფლიოს ყველა
მნიშვნელოვან ბაზარზე. ქართული ღვინო მომავალშიც იქნება წარმოდგენილი
ნატურალისტი მეღვინეების გამოფენებზე, რაშიც ქვევრის ღვინის
მწარმოებლებს ღვინის ეროვნული სააგენტოც დაეხმარება" - აღნიშნა გიორგი
სამანიშვილმა.
გამოფენებთან ერთად ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა პარიზში,
ბლუასა და ორლეანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში.
დეგუსტაციას უძღვებოდნენ ფრანგი სომელიე სებასტიან შატილონი და ფრანგი
მეღვინე ტიერი პუზელატი. ქვევრის ღვინომ ადგილობრივი ღვინის
იმპორტიორების, ღვინის მაღაზიებისა და რესტორნების წარმომადგენლების,
ასევე ღვინის მოყვარულების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში როგორიც საფრანგეთია, 2015
წელს საქართველოდან 38 ათასი ბოთლი ღვინო იყო იმპორტირებული, რაც
190%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში
ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.
მასალის გამოყენების პირობები