ეთნიკური აზერბაიჯანელები გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში გადასვლას ითხოვენ
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს მოსახლეობა ითხოვს, რომ იორმუღანლოს თემი გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში გადავიდეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს შესაძლებელია, თუმცა გარკვეული პროცედურებია საჭირო.
ამჟამად, იორმუღანლოს თემის სოფლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემადგენლობაშია. 1945 წლამდე კი კაჭრეთის რაიონს ეკუთვნოდა. იმ პერიოდში კაჭრეთი რაიონული ცენტრი იყო, რომელიც შემდეგ სოფლებს აერთიანებდა: კაჭრეთი, მელაანი, არაშენდა, ჯიმითი, მახარაძე, შიბლიანი, ყანდაურა, ბოგდანოვკა, იორმუღანლო, დუზაგრამა, კაკაბეთი და ლამბალო. 1959 წელს კაჭრეთის რაიონი გაუქმდა და გურჯაანს შეუერთდა.
როგორც "speqtri.ge“-ს სოფელ ლამბალოს მაცხოვრებლებმა უთხრეს, მათ კვლავ გურჯაანის მუნიციპალიტეტთან გაერთიანება სურთ.
- „საგარეჯო არ გვინდა, ყურადღებას არავინ გვაქცევს. გზა დანგრეულია, არც წყალი გვაქვს. რაც აქამდე გვქონდა, ისიც „სოკარმა“ გააკეთა, მაგრამ აღარ მოდის. არჩევნების დროს გვპირდებიან, ყველაფერს გავაკეთებთო, მაგრამ მერე ჩვენ აღარავის ვაგონდებით. გადმოცემით ვიცით, რომ როცა კაჭრეთის რაიონთან ვიყავით, კარგად ვცხოვრობდით. “- გვითხრა ომარ ომაროვმა.
აღნიშნულ მოთხოვნას სხვებიც უერთდებიან.
„ადრე გურჯაანის რაიონი ყოფილა და როგორც მამა-პაპისგან ვიცით, კარგადაც ვცხოვრობდით. წყალი არ გვაქვს, არც გაზი, გზა სულ დანგრეულია, პატრონი არ გვყავს. ეხლაც იქ გვინდა გადასვლა, იქნებ გვეშველოს რამე. “- ამბობს მამედ ხალილოვი.
ამ საკითხთან დაკავშირებით გურჯაანელების აზრი არაერთგვაროვანია.
„საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუკი ნებას დართავენ, იყვნენ გურჯაანის შემადგენლობაში. მე მხარს ვუჭერ მათ სურვილს,“- განუცხადა "speqtri.ge“-ს ფირუზ ბაკაშვილმა.
განსხვავებულად ფიქრობს ალექსანდრე ცისკარაშვილი.
„რა საჭიროა ეს ცვლილება, ვერ ვხვდები, იყვნენ ისე, როგორც არიან.“
ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა იმ პროცედურებს გვიხსნის, რაც აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა საჭირო.
„მათ განცხადებით უნდა მიმართონ მთავრობას. უწყება დაიწყებს პროცესს, უნდა მოელაპარაკოს საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს. თუ საკითხი ორივე მხარისთვის მისაღებია, დაიწყება ადმინისტრაციული რუკის შექმნა. შემდეგ უნდა გაიმართოს საჯარო განხილვები გურჯაანშიც და მოხდეს მოსახლეობის რეკომენდაციის გათვალისწინება. ამის შემდეგ საგარეჯოს საკრებულო უნდა დაეთანხმოს ტერიტორიის გაცემას და გურჯაანის საკრებულო კი _ მიღებას. მთელი პაკეტი უნდა გადაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს. თვითმმართველი ერთეული საზღვრის ცვლილება პარლამენტის გადაწყვეტილებით ხორციელდება. მათი დადგენილებით უნდა მოხდეს ტერიტორიის გადაცემა.“
საკითხის გარკვევას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშიც შევეცადეთ.
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის“ კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი წესით, საკუთარი ინიციატივით, მუნიციპალიტეტების საკრებულოსთან და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე, ან მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობითა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის ( მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე საქართველოს პარლამენტს მიმართოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წარდგინებით.“
ამის შემდეგ ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ მუნიციპალიტეტის ( მუნიციპალიტეტების) საკრებულოს (საკრებულოების) შუამდგომლობა წარედგინება შესაბამის სამთავრობო კომისიას.
„შუამდგომლობას უნდა დაერთოს: მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საჭიროების დასაბუთება, მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა; მუნიციპალიტეტის (მუნიციპალიტეტების) მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები; მუნიციპალიტეტის საკრებულოები უფლებამოსილები არიან შესაბამის სამთავრობო კომისიას მიმართონ ერთობლივი შუამდგომლობით. ერთობლივ შუამდგომლობას უნდა დაერთოს ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია,“ - განმარტავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში.
საბოლოო გადაწყვეტილება კი საზღვრის ცვლილების შესახებ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე უნდა მიიღოს.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები