გურჯაანში, 2012 წელს "ახტალის“ რეაბილიტაციის დროს, აიღეს ქალის ძეგლი, რომელიც კურორტის ერთგვარ "სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენდა.
ქანდაკება ამ დრომდე ეზოში, სხვადასხვა საშენ მასალასთან ერთად ინახება.
- "ქანდაკება კარგ მდგომარეობაშია, აღდგენითი სამუშაოები არ ესაჭიროება. ძეგლი ჩვენი კურორტის სიმბოლოა, თითქმის ყველა საინფორმაციო ბარათზე გვაქვს დატანილი. ამიტომ მის ძველ ადგილას დაბრუნებას ვგეგმავთ,“- აღნიშნა "ახტალის" დირექტორმა გოგა უტიაშვილმა.
ლეგენდის შესახებ, რომელიც "ახტალაზე“ ქალის ქანდაკების არსებობას უკავშირდება, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი გვესაუბრა.
- "ახტალის შესახებ თქმულება ჩაწერა ცნობილმა სომეხმა ისტორიკოსმა ლეონ მელიქ სედბეკმა. მან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს იმოგზაურა კახეთში და ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ლეგენდა კურორტის შესახებ. „ახტალა“ თურქული წარმოშობის სიტყვაა და ცეცხლ ტალახს ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, კურორტის ადგილას, უწინ სოფელი მდებარეობდა. აქ მღვდელი ცოლ-შვილით ცხოვრობდა. ერთხელ, ფერისცვალების დღეს, ყველა ლოცულობდა, ის კი კალოს ლეწავდა. ამ დროს უფალმა ადამიანის სახით ჩამოიარა და მღვდელს საყვედური უთხრა, უქმე დღე არის და რატომ შრომობო. მოძღვარმა ხუმრობით მიუგო, ჩემმა ქალიშვილებმა დილით იცვალეს ფერიო. მღვდელთან სტუმრად ახალგაზრდა ქალი ყოფილა. უფალს უთქვამს ქალისთვის, წადი და უკან აღარ მოიხედოო. ქალი რამდენიმე მეტრით გაშორებია ამ ადგილს. გრგვინვის ხმა ყოფილა, ტალახს ამოუხეთქავს და მღვდელი სახლიანად შთაუნთქავს. ქალს ხმაურზე უკან მოუხედავს და მაშინვე სვეტად ქცეულა. მხოლოდ „ ახ“ სიტყვის თქმა მოუსწვრია. “
როგორც მარკოზაშვილი ამბობს, ლეგენდის თანახმად, სვეტი, რომელსაც ქალის ფორმა ჰქონდა, ახტალის მახლობლად დიდხანს ეგდო მიწაზე, შემდეგ კი გაუჩინარებულა.
- "ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში „საქართველოს გეოგრაფია“, ცნობებს გვაწვდის კურორტის შესახებ. აღნიშნულია, რომ, „ახტალა“ ვეჯინის ჩრდილოეთით, ცივგომბორის კალთის ძირას მდებარეობს, საიდანაც ამოდის ტალახი, „ვითარცა კუპრი.“ ამ ადგილს „რისხვით დათქმულად“ მოიხსენიებენ, ტალახს კი მღვდლის ოჯახის ჭურჭელი მოჰყვება. ვახუშტი ბატონიშვილმა მეთვრამეტე საუკუნეშივე იცოდა ლეგენდის არსებობის შესახებ. შემდეგ კურორტის ტერიტორიაზე ძეგლი დადგეს, რომელიც გაქვავებული ქალის სიმბოლოს განასახიერებდა. ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს ამ ძეგლის არსებობა.“
სპეციალისტის თქმით, ძეგლი თეთრი იტალიური მარმარილოთია შესრულებული.
- "მასიური ქანდაკებაა, რამდენიმე ტონას იწონის. მნიშვნელოვანი ნამუშევარი და ხელოვნების ნიმუშია.“- აღნიშნა თამაზ მარკოზაშვილმა.
როგორც კურორტის დირექტორი, გოგა უტიაშვილი ამბობს, ძეგლს მომავალი საკურორტო სეზონისთვის, გაზაფხულზე აღადგენენ. სავარაუდოდ, იმავე ტეროტორიაზე დადგამენ, სადაც წლების განმავლობაში მდებარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები