სოფელ შაშიანში მცხოვრებ 81 წლის მარგო მწარიაშვილი დახმარებას
ითხოვს. ბინა 2012 წლის სტიქიის დროს დაუზიანდა. როგორც თვითონ
ამბობს, ადგილობრივ ხელისუფლებას მაშინვე მიმართა,თუმცა მისი
განცხადება გამგეობაში არ იძებნება.
"სეტყვამ შუშაბანდი, ოთახის ფანჯრები და შიფერი ჩაამტვრია. ამ დრომდე
როგორც გარეთ, ისე შიგნით წვიმს. საბჭოში განცხადება მაშინვე დავწერე.
მოვიდნენ, სურათებიც გადაიღეს, მითხრეს ბებო დახმარება გეკუთვნითო,
მაგრამ იმის შემდეგ აღარავის მოვუკითხივარ. ფანჯრებიდან და კიბიდან
წყალი ასხამდა. ნასესხები ფულით პალატკები ვიყიდე და ფანჯრებზე
ავაფარე, რომ არ გავიყინო. ვიფიქრე, დახმარებას მეც გამიწევდნენ.
ავადმყოფი ვარ, გული მაწუხებს, დიაბეტიც მაქვს და სპილოს დაავადებაც.
ჩემი მომხედი არავინ არის. იქნება დაინტერესდეს ვინმე და ყურადღება
მომაქციოს."
ქალბატონის გაჭირვებაზე საუბრობენ მეზობლებიც.
"ზედ აწვიმს და ათოვს, მაგრამ სწორედ ამისთანა ხალხი დარჩა დახმარების
გარეშე. ზოგს ისეთს დაუფარეს ჭერი, ვისაც ამის გაჭირვება არ ჰქონდა.
სტიქიის შემდეგ მოვიდნენ, სურათები რამდენჯერმე გადაუღეს, მაგრამ
შედეგი არაფერი ყოფილა. რატომ არ უნდა მოხვედრილიყო მაშინდელ სიებში
არ ვიცით. ამაზე გაჭირვებული და გაუბედურებული ადამიანი, ალბათ,
სოფელში არ მოიძებნება. განა რამდენი ხანიღა უნდა იცოცხლოს?"
როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში
განმარტეს, ამ ქალბატონის სახელით არანაირი განცხადება არ არის
შესული. მუნიციპალიტეტის გამგებლის გია გერგიძის თქმით კი, საქმეს
ხელახლა შეისწავლიან და დასკვნებსაც ისე გააკეთებენ. "2012 წლის
სტიქიის დროს კომისიები და ქართუ ჯგუფის წარმომადგენლები მუშაობდნენ.
მაშინდელ სიები გადავამოწმეთ, მაგრამ მარგო მწარიაშვილის განცხადება
საერთოდ არ მოიძებნა. ამ ადამიანს ხელოვნურად განცხადებას არავინ
დაუკარგავდა. მას მერე ეს პიროვნება ჩვენამდე არ მოსულა. მე აქვე
გეუბნებით, კერძო ბინების შეკეთება, გადახურვა, აშენება ჩვენი
კომპეტენცია არ არის. ამის თანხები ბიუჯეტს არ გააჩნია. დახმარებას
ვუწევთ მხოლოდ მაშინ, როცა ბინა სტიქიის ან უბედური შემთხვევის გამო
ზიანდება. თუ დავადგინეთ, რომ მართლა სტიქიის დროს არის დაზიანებული,
მაშინ მოვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ. მარტოხელა ადამიანებს ასე არ
ვტოვებთ." გია გერგიძის თქმით, ეს პიროვნება კიდევ ერთხელ
გადამოწმდება. საკითხს უახლოეს მომავალში შეისწავლიან და შესაბამის
გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მასალის გამოყენების პირობები