გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში "გლეხურ ბაზარსა" და მოვაჭრეებს შორის (მესამე პირები) ბაზრის დემონტაჟის თაობაზე, მორიგი სასამართლო განხილვა 2 ივლისს გაიმართა. მოსამართლის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი. მესამე პირები კი, არასასურველი პასუხის შემთხვევაში საქმის გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში გეგმავენ.
მორიგი სასამართლო პროცესი "გლეხურ ბაზარსა" და მოვაჭრეებს შორის უკვე ბაზრის დემონტაჟის საკითხთან დაკავშირებით გაიმართა. რა განაჩენს გამოიტანს მოსამართლე, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების მფლობელები აღნიშნავენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და დემონტაჟის საკითხი აუცილებლად მათთან შეთანხმებით უნდა გადაწყდეს.
როგორც ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი თინა აბელაშვილი ამბობს, აქამდე მხოლოდ მიწა იყო სადავო, ამჯერად კი სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი.
–"ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ "გლეხურმა ბაზარმა" მიწა უკანანოდ მიითვისა და ამით ჩვენი უფლებები დაარღვია. დღეის მდგომარეობით პროკურატურამ ამ საქმეზე წარმოება განაახლა და სწორედ ამ დროს მიმდინარეობს საუბარი ბაზრის დემონტაჟზე, რაც ყოვლად დაუშვებელია."-აღნიშნა მან.
სარჩელის უსაფუძვლობაზე საუბრობს მესამე პირების (ბაზრის მოვაჭრეები) ადვოკატი ირმა მახათაძე.
–"სასამართლო განხილვამ დაადასტურა უდავოდ ის გარემოება, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა და მან სარჩელის საფუძვლიანობა ვერ დაამტკიცა. ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციულ ორგანოს, გამგეობის წარმომადგენელმა დაამტკიცა, რომ მათ მიერ გამოცემული აქტი კანონიერია და მისი ბათილობის არანაირი საფუძველი არ არსებობს."-აღნიშნა მან.
ირმა მახათაძის თქმით, სასამართლო განხილვისას დადასტურდა ის გარემოებაც, რომ "გლეხურმა ბაზარმა" ვერ მიუთითა, თუ რომელი კანონის ნორმა დაარღვია გამგეობამ დემონტაჟზე უარის თქმით.
–"მხოლოდ იმას უთითებს, რომ დასაბუთებულია, მაშინ, როდესაც შავით თეთრზე წერია, რომ დემონტაჟის შემთხვევაში მესამე პირების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ზიანი მიადგება, იზღუდება მათი სამეწარმეო საქმიანობა. ამიტომ ვფიქრობ, რომ სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს სარჩელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა გადაწყვეტილება იქნება უკანონო, მიკერძოებული და ტენდენციური. რა თქმა უნდა, მე, როგორც ადვოკატი, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას მესამე პირებთან შეთანხმების გარეშე. მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ პასუხი არ იქნება ჩვენთვის მისაღები, სააპელაციო წესით გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციებში. სავარაუდოდ, მესამე პირები გამოიყენებენ ყველა იმ საპროცესო უფლებას, რომელიც მათ მოქმედი კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული."
"გლეხური ბაზრის" დემონტაჟის უარყოფით მხარეებზე საუბრობს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში ირაკლი უტიაშვილიც.
–"უარის თქმის ერთ-ერთი ძირითადი მოტივე იყო ის, რომ ბაზრის ტერიტორიაზე უკვე ათეული წლების განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან ფიზიკური პირები და ბაზრის დემონტაჟი არსებით გავლენასა და ზიანს აყენებს მათ ინტერესებს. შპს "გლეხურმა ბაზარმა" ვერ წარმოადგინა ვერც გამგეობაში და ვერც სასამართლოში იმის მტკიცებულება, თუ რა მატერიალური ზიანი შეიძლება მისდგომოდა მათ დემონტაჟზე უარის შემთხვევაში. ვინაიდან ეს დოკუმენტი არ იქნა წარმოდგენილი მათ მიერ, გამგეობამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ საჯარო ინტერესები უფრო პრიორიტეტული იყო ამ შემთხვევაში, ვიდრე შპს `გლეხური ბაზრის~ კერძო ინტერესები. გამგეობის პოზიცია არ არის ხისტი. მისი საქმიანობა პირველ რიგში მიმართულია საზოგადოების კეთილდღეობისკენ," _ აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სასამართლო განხილვა უკვე დამთავრებულია, მაგრამ ვინაიდან საქმე რთული კატეგორიისაა, მოსამართლეს უფლება აქვს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გონივრული ვადით გადადოს.
–"გადაწყვეტილება 22 ივლისს გამოცხადდება. თუ პასუხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი, გამგეობას აქვს უფლებამოსილება და იურიდიული უფლება სასამართლო გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მოხდება ეს თუ არა, დანამდვილებით ვერ გეტყვით, რადგან ამას უკვე მუნიციპალიტეტის ახალი ხელმძღვანელობა გადაწყვეტს."
ჩვენ შევეცადეთ "გლეხური ბაზრის" წარმომადგენლების აზრიც გაგვეგო, მაგრამ მათ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებამდე კომენტარისგან თავი შეიკავეს.
მასალის გამოყენების პირობები