მხედრიონის უფროსს მადლენა ბერძენიშვილს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საქართველოს მთავარი პროკურატურის და აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ერთობლივი ღონისძიებებისა და თანამშრომლობის შედეგად დაკავებული იქნა კახეთის რეგიონის მხედრიონის ყოფილი უფროსი, 1949 წელს დაბადებული მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილი, რომელიც იძებნებოდა ბანდიტიზმის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 4 პირის განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქცია) და 78-ე მუხლით (ძველი რედაქცია).
საქართველოში ექსტრადიციის შემდეგ, 2014 წლის 25 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს ბრალი წარედგინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1993 წელს, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილმა ა.როშჩინთან, ე.ფოკინთან, ვ.ვერკეტისთან, ვ.კისილოვთან და სხვა პირებთან ერთად, სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, გურჯაანის რაიონში ჩამოაყალიბა შეიარაღებული ბანდიტური ჯგუფი, რომელიც მოქმედებდა კახეთის ტერიტორიაზე. მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილის მიერ ჯგუფის წევრებისათვის შეძენილი იქნა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღები, ყალბი მართვის მოწმობები, საქართველოს შინაგან საქმეთა, უშიშროების, თავდაცვის სამინისტროებისა და მაშველთა კორპუსის მოწმობები, რომელთა საშუალებითაც ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი მიზნების განსახორციელებლად თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიოტორიაზე.
1993 წლის 8-9 აგვისტოს, მოსკოვში, გიორგი იმერლიშვილისა და მიხეილ ყანჩაშვილის მკვლელობის კვალის დაფარვისა და მათი ქონების ხელში ჩასაგდებად, მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილის მითითებით, გურჯაანის საავტომობილო გზაზე, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, ა.როშჩინის, ა.ფოკინის, ა.კისილოვისა და სხვათა მიერ ,,მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლულ იქნა გიორგი იმერლიშვილის ძმა, შს სამინისტროს თანამშრომელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ იმერლიშვილი, რის შემდეგაც ისინი დაეუფლნენ მოკლულის ავტომანქანა ,,ნივა“-ს, რომელიც შემდგომში ყალბი საბუთების გამოყენებით გაასხვისეს.
იმავე საღამოს, ბანდიტური ჯგუფის წევრები დაბრუნდნენ გიორგი და ვასილ იმერლიშვილის სახლში და დანაშაულის კვალის დამალვისა და მათი ოჯახის ქონების დაუფლების მიზნით, ღამის საათებში, თოკით დაახრჩვეს ოჯახის უფროსი გივი იმერლიშვილი, დიასახლისი ლამარა ხუნდაძე და ანეტა იმერლიშვილი, რის შემდეგაც გაიტაცეს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, სანადირო თოფები და ცეცხლსასროლი იარაღი.
მადლენა ზვორიკინა-ბერძენიშვილს, ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.
საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურა იძიებს. ძიება საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ძველი რედაქცია) და 78-ე მუხლით (ძველი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 15 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები