"ლიბერთი ბანკის" გურჯაანის ფილიალში მისულ მომხმარებლებს გრძელ რიგში უწევთ დგომა. ამის მიზეზად "ლიბერთი ექსპრესის" (LX) შეფერხებულ მუშაობას ასახელებენ. "სპექტრის" ინფორმაციით კი, ადგილი თაღლითობის ფაქტს ჰქონდა, რამაც აღნიშნული ხარვეზები გამოიწვია.
ოთხდღიანი რიგში დგომის შემდეგ, ნელი მურაკაშვილმა პენსია, როგორც იქნა, აიღო. მისი თქმით, ასეთი მდგომარეობა ბანკში არასოდეს ყოფილა:
-"მეოთხე დღეა დავდივარ და პენსია ძლივს ავიღე. ბანკის წინ მანქანები აღარ მუშაობს და შიგნით ძალიან ბევრი ხალხია. ადრე `ექსპრესზე~ ვიღებდით თანხას და ასე არ ხდებოდა, რადგან კლიენტები ბევრ ოპერატორთან იყვნენ გადანაწილებული," _ გვითხრა მან.
"სპექტრთან" საუბარში უკმაყოფილებას გამოხატავენ სხვა მომხმარებლებიც:
-"დილიდან აქ ვარ და სოციალური დახმარება ვერ ამიღია. რიგები ადრეც იყო, მაგრამ მაშინ მანქანები მუშაობდა და ამდენ ხანს არ მიწევდა ლოდინი. ახლა სოციალური დახმარების ასაღებად შეიძლება საღამომდე აქ მომიწიოს დარჩენა,"_ გვითხრა
მარო ჩალათაშვილმა. გრძელი რიგების გამო უკმაყოფილოა პენსიონერი მზია ბაციაშვილიც:
-"დიდი ხანია ვილოდები და სოციალური დახმარება ვერ ავიღე, არადა, რიგი დილის 9 საათიდან დავიკავე. ფეხზე ოპერაცია მაქვს გაკეთებული და დიდ ხანს დგომა არ შემიძლია. სოციალური დახმარებაPპურის ფულად მინდა და იმასაც ვერ ვიღებ. ასეთი საგიჟეთი აქ არასოდეს მინახავს. ნაოპერაციებელ ქალს ხან აქეთ გადამაგდებენ და ხან იქით."
"სპექტრი" საკითხის გარკვევას "ლიბერთი ბანკის" გურჯაანის ფილიალის მმართველ არჩილ ხანდამაშვილთან შეეცადა. მისი განმარტებით, `ლიბერთი ექსპრესის~ ერთი მანქანა დაზიანდა, ამას კი შეფერხება არ გამოუწვევია:
-"LX-ის მუშაობა არ შეფერხებულა. ექვსი მანქანიდან ერთი დაზიანდა, რაც სოფლის მოსახლეობაზე არ აისახა. სათავო ოფისმა ახალი მანქანა გამოგვიგზავნა და სამუშაოდ უკვე გასულია. პენსიისა და დახმარების დარიგება ისევე მიმდინარეობს, როგორც ადრე," _ გვითხრა მან.
კითხვაზე, თუ რატომ არის "ლიბერთი ბანკში" გრძელი რიგი, არჩილ ხანდამაშვილმა შემდეგი განმარტება გააკეთა:
-"გრძელ რიგს რაც შეეხება, მინდა აღვნიშნო, რომ `ლიბერთი ექსპრესი~ ყველა სოფელში შედის, მაგრამ მოსახლეობა პენსიისა თუ დახმარების ასაღებად მაინც და მაინც გურჯაანის ფილიალში მოდის. არადა, მათ წინასწარ იციან მანქანის შესვლის თარიღი."
"სპექტრის" ინფორმაციით კი, მუშაობის შეფერხება "ლიბერთი ბანკში" აღმოჩენილმა ფინანსურმა დარღვევამ განაპირობა. თაღლითობის ფაქტი არჩილ ხანდამაშვილმაც დაგვიდასტურა:
-"პატარა შემთხვევა იყო და არა გლობალური.Aადგილი ჰქონდა თაღლითობას. აღნიშნულის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად, შიდა მოკვლევის მიხედვით სამართალდამცავ ორგანოებს ვაცნობეთ, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ," _ გვითხრა მან.
როგორც შსს-ს პრეს-სამსახურში განგვიმარტეს, საქმეს გურჯაანის პოლიცია იძიებს: "საქმე აღძრულია და ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. შესაბამისი ზომები ექსპერტიზის დასრულებისთანავე იქნება მიღებული," _ გვითხრა შორენა ჯახუამ.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების დაკონკრეტებისგან მანაც თავი შეიკავა. მისივე განმარტებით, ჯერჯერობით უცნობია, როდის დასრულდება ექსპერტიზა.
თამარ კაპანაძე
მასალის გამოყენების პირობები