4 ივლისს, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებმა, კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.
ისინი მოითხოვენ, რომ ბავშვის მკვლელობის გამოძიება მთავარ პროკურატურას დაექვემდებაროს.
-"უკვე 9 თვე გავიდა ჩემი შვილის მკვლელობიდან და ამ დრომდე პროკურატურას არანაირი ხელჩასაჭიდი სამხილი არ აქვს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ არჩილ კბილაშვილმა პირადად გამოიძიოს ეს საკითხი. მინდა მალე დამთავრდეს ყველაფერი და ხალხისთვისაც ცნობილი გახდეს რა მოხდა სინამდვილეში. გამომჟღავნდეს ვინ არის დამნაშავე," _ განაცხადა ბარბარე რაფალიანცის დედამ თათია მექერიშვილმა.
ოჯახის წევრები წინა ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მაშინდელი პოლიციის მხრიდან არ მოხდა სათანადო რეაგირება და არ იყო დაინტერესება, რომ დანაშაული დროულად გახსნილიყო.
-"შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებთან, რომლებიც ამ საქმეს იძიებენ, მუდმივად გვაქვს კონტაქტი, მაგრამ ახალი დეტალები ჯერ არ გამოკვეთილა. გოჩა სიბაშვილის დავალებით პოლიციელების მხრიდან ფაქტიურად კვალი ისეა წაშლილი, რომ ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობენ. ჩვენთვის ახლაც სრულიად გაურკვევლია, რას აკეთებდნენ მაშინდელი პოლიციელები სამი დღის განმავლობაში მარანში. ისე ჩატარდა ექსპერტიზის სამუშაოები, რომ არანაირი მოწმე არ დაუსწრიათ. რა წაშალეს და რა გააკეთეს, არავინ იცის. რატომ იყო ჩვენი ჭიშკარი სამი დღის განმავლობაში ჩაკეტილი და არავის უშვებდნენ?! ეს ისეთი საქმეა, რომ მტკიცებულებების გარეშე ხელს ვერავის დაადებ, უნდა მოხდეს სათანადო და დროული გამოძიება, მარტო მაშინ გაირკვევა რა მოხდა სინამდვილეში. მე პირადად კონკრეტულად არავინ დამიდანაშაულებია, მათ შორის არც გიორგი ღვინიაშვილი, მაგრამ მიჩნდება ეჭვი, თუ ის არ იყო დამნაშავე, მაშინ რატომ გაიღო 3000 ლარი და რატომ დაეხმარა ჩემი დის ოჯახს მკვლელობის მეორე დღეს? ათასი გაჭირვებულის განცხადება შედიოდა მისი გუბერნატორობის დროს გუბერნიაში, მაგრამ არ გამიგია, რომ ვინმეს ასეთი თანხით დახმარებოდნენ,"_ ამბობს ბავშვის დეიდა დალი მექერიშვილი.
მაშინდელი პოლიციის უფროსის მოადგილეს გოჩა სიბაშვილს ადანაშაულებს ბავშვის ბებიაც. როგორც მან განმარტა, ოჯახის წევრები კატეგორიულად მოითხოვდნენ დანაშაულის ადგილას ძაღლის მიყვანას, მაგრამ მათი თხოვნა არ იყო გათვალისწინებული, რამაც გამოძიებას ხელი შეუშალა.
-"პირადად გოჩა სიბაშვილს ვადანაშაულებ. რატომ არ მოიყვანეს მაშინვე ძაღლი, რომ სწორი კვალი აეღოთ? მოვითხოვ, სასწრაფოდ დადგინდეს ვინ არის მკვლელი! ის დღესდღეობით თავისუფლად დადის, იმიტომ, რომ ვიღაც მფარველობს, ჩემი შვილიშვილი კი სისასტიკით და წამებით მოკლეს!" _ განაცხადა ბავშვის ბებიამ თინა მექერიშვილმა.
ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების ბრალდებებს უარყოფს გოჩა სიბაშვილი.
-"რაფალიანცის ოჯახის წევრების მხრიდან ჩემს მიმართ გაკეთებული ბრალდებები აბსურდულია. შეტყობინებისთანავე, ჯგუფი შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გავიდა. მისვლის წუთიდანვე დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, იმ ჩარჩოების ნორმებში, როგორც ეს არის გათვალისწინებული. ადგილზე შესაბამისი სამსახურის მიერ გაყვანილი იქნა ძაღლი, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, რომ ვერ იმუშავებდა. რაც შეეხება იმას, რომ კვალი შეგნებულად ჩემი დავალებითაა წაშლილი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აბსურდია. მაშინაც და მომდევნო დღესაც ადგილზე კრიმინალისტიკურმა სამსახურმა იმუშავა. კვალის აღმოჩენის მიზნით დაათვალიერეს ეზო და მიმდებარე ბოსტნები. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და მეც ისევე ვარ დაინტერესებული დანაშაულის გახსნით, როგორც საზოგადოება. დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს!" _ აღნიშნა მან "სპექტრთან" საუბარში.
მომხდარის შესახებ, კომენტარი საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმაც გააკეთა.
-"ჩვენ სულ ახლახანს დავიწყეთ რაფალიანცის საქმის შესწავლა. ამჟამად მიმდინარეობს იმ მასალების გაცნობა, რომლებიც საქმეში არსებობს და ამის შესახებ ძალიან მალე გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია. ჩვენი მთავარი მესიჯი ხელისუფლებისადმი არის, რომ დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება," _ აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი, 2012 წლის 30 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებმა ეს პოლიტიკურ შურისძიებას დაუკავშირეს, რადგან ისინი `ქართული ოცნების~ წარმომადგენლები იყვნენ და მათ ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობდა მუქარა. მკვლელობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ჩვილის გარდაცვალებიდან 9 თვის შემდეგ საქმე ჯერ კიდევ არ არის გამოძიებული.
მარინა პეტრიაშვილი
ამავე თემაზე:
ბარბარე რაფალიანცის საქმე კვლავ ურთიერთბრალდებების დონეზე რჩება
საზოგადოება ბარბარა რაფალიანცის სიკვდილის მიზეზების გამოძიებას ითხოვს
ზეწოლა ბარბარე რაფალიანცის ახლობლებზე
ახალი დეტალები ბარბარე რაფალიანცის საქმეში
მასალის გამოყენების პირობები