საჯარო მოხელეების მორიგი დაკავება
გასულ კვირას სამართალდამცავმა ორგანოებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, გამგეობის 7 თანამშრომელი, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის რწმუნებულები დააკავეს.
ამ პროცესს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ღვინიაშვილი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირებად აფასებს და პროკურატურას გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის დაკითხვისკენაც მოუწოდებს. თავის მხრივ, გამგებელი ჯონი ოსიაშვილი დეპუტატს ხელისუფლებაში ყოფნის დროინდელ "გრეხებს" ახსენებს.
12 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე და სამი შპს-ს (შეზღუდული შესაძლებლობების საზოგადოება) დირექტორი _ ზაზა მაისურაძე, რევაზ ბაჩოშვილი და გიორგი ადუაშვილი დააკავეს. მათ ბრალად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხის, 80 ათასი ლარის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებათ. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
იმავე საღამოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული აიყვანეს. დაკავებულებს შორის არიან: გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის რწმუნებული გივი რამაზაშვილი და სოფელ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი. გამოძიების თანახმად, მათ სოფელ კაჭრეთში მდებარე საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული 100 ჰექტარი მიწისა და მის შემოგარენში არსებული ტყის მასივის იჯარით გაცემის ნებართვის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 10 000 ლარი აიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურა დანელიშვილი `სპექტრთან~ საუბრაში აცხადებს, რომ პოლიტიკურად გარდამავალი პერიოდის დროს მოხელეების ნაწილმა, შესაძლოა, ცდუნებას ვერ გაუძლოს და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.
-"ჩვენ მარტო ის ინფორმაცია გვაქვს, რაც ზოგადად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. როგორც ჩანს, ეს არ არის სამოხელეო დანაშაული, რადგან მიწა არა მუნიციპალიტეტის, არამედ ეკლესიის საკუთრებაა. მამაო თვითონ ამბობს, რომ ამ მიწის გაქირავების სურვილი ჰქონდა, გამოჩნდა დამქირავებელიც. ამიტომ, როგორც ჩანს, გივი რამაზაშვილი შუამავლის როლს ასრულებდა არა, როგორც რწმუნებული, არამედ როგორც მოქალაქე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არც ხელშეკრულება გაუფორმებია, არც ბეჭედი გამოუყენებია და ხელიც არაფერზე მოუწერია. ზოგადად, როდესაც ქვეყანაში გარდამავალი პერიოდია და ხელისუფლება იცვლება, ასეთ დროს მოსალოდნელია ცალკეულ ადამიანებს გაუჩნდეთ გრძნობა, რომ შეიძლება რაღაც გააკეთო და შეგრჩეს. ჩემი პირადი ვარაუდია, რომ არსებულ სიტუაციას მთავრობა კარგად იცნობს და სავსებით სწორი მიმართულება აქვთ აღებული, რათა შესაბამისმა სტუქტურებმა მეტი სიფხიზლე გამოიჩინონ. ეს მხოლოდ მისასალმებელია."_გვითხრა მან და აქვე დასძინა:
-"კარგად მახსოვს, წინა ხელისუფლების პერიოდში დაკავებებს კამპანიური ხასიათი ჰქონდა. მოულოდნელადAვიგებდით, რომ ვიღაცეები დაიჭირეს. მერე წელიწადი, ორი წელი ისე გავიდოდა, რომ ვითომ არაფერი აღარ ხდება. ისინი ყველაფერს პიარისთვის აკეთებდნენ."
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს, გიორგი ღვინიაშვილს კი რაიონის რწმუნებულების მხრიდან ასეთი ქმედება არ უკვირს.
-"გურჯაანს რაც შეეხება, კარგად ვიცით თანამდებობებზე რა კადრებიც მოიყვანეს და მათგან მეტ სიკეთეს არც ველოდებოდით. რაიონს ისეთი გამგებელი ჰყავს, ყირაზე რომ არ გადადიან რწმუნებულები, გასაკვირია. მე უდანაშაულობის პრეზუმციას არ დავარღვევ, მაგრამ როდესაც კომპენსაციების თანხების დარიგებასთან დაკავშირებით კომისიის რამდენიმე წევრი დააკავეს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა პირდაპირ ამხილა გამგებელი, რომ ის ავალებდა უკანონოდ არარსებულ მიწებზე კომპენსაციების გაცემას. როდესაც პროკურატურა ამაზე რეაგირებას არ ახდენს, ბუნებრივია, რწმუნებულები უარესს გააკეთებენ. გარდა ამისა, ასეთი ფაქტები სხვა რაიონებშიც მოხდა. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებაში" შიდა პარტიული დაპირისპირებებიც არის და ეს პროცესიც დაიწყო."
მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯონი ოსიაშვილი თავის მხრივ გიორგი ღვინიაშვილს მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებს: --"გიორგი ღვინიაშვილმა თავის "გრეხებს" მიხედოს, რაც პროკურორობის პერიოდში აქვს ჩადენილი. ჩემი ნაკვეთის აქტის შედგენაშიც კი არ ჩავრეულვარ, არათუ ვინმე სხვისი. უბრალოდ, მაგათი მთავრობისთვის არის წარმოუდგენელი 38 მილიონი დარიგდეს ისე, რომ ამაში გამგებელი არ ჩაერიოს. მაგათ იმაზე აგონ პასუხი, 1 700 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რომ გაასხვისეს კაჭრეთში ირანელებზე და 2009 წელს ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა კაპიკებად გაყიდეს," _ ამბობს ჯონი ოსიაშვილი.
მისივე თქმით, ახლანდელი ხელისუფლება უსამართლოდ არავის იჭერს.
-"ნაციონალებმა პატიმრების რიცხვი 36 ათასამდე აიყვანეს. ეგ რითი იყო განპირობებული, დაავიწყდათ თავიანთი წარსული?! ჩვენი მთავრობა დაუმსახურებლად არავის დაიჭერს."
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი კი მუნიციპალიტეტის გამგებელს და გამგეობის თანამშრომლებს თავდებში უდგება და აცხადებს, რომ მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულია.
-"აბსოლუტურად ყველა დეტალი ვიცი ამ პროექტის შესახებ. პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც მე რაიონში განვახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს სახლების გადახურვაში. ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ აქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. (სტილი დაცულია)" _ აღნიშნა დეპუტატმა.
თვითმმართველობის სპეციალისტის, დავით ლოსაბერიძის შეფასებით, თუკი თვითმმართველობებში ძირეული ცვლილებები არ განხორციელდა, პრობლემა არ გადაიჭრება.
-"დღეს მოქმედი სისტემა საჯარო მოხელეს თავისთავად აიძულებს და უბიძგებს დანაშაულისაკენ. თუ იურიდიულიად მივყვებით, 2003 წლიდან თვითმმართველობაში მომუშავე თითქმის ყველა ადამიანს დარღვეული აქვს კანონები. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია იქნება ხელისუფლების სათავეში. მთელი სისტემაა გადასახედი. ეს არის ტოტალური მმართველობის ნაშთი. მზადდება რეფორმა, კანონპროექტები, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები პირველ რიგში ცენტარული ხელისუფლების პოლიტიკური წნეხისგან უნდა გათავისუფლდეს. ადგილობრივ ხელმძღვანელობას უნდა გადაეცეს რეალური უფლებები და შესაბამისი ფინანსები. აუცილებელია კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება და ტერიტორიული მოწყობის სისტემის გადახედვა."
შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე თვის წინ სოფელ ბაკურციხის რწმუნებული თეიმურაზ ზავრაშვილი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით 20 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.ასევე ქრთამის აღების ბრალდებით აიყვანეს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის რწმუნებული დავით ვარადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი ზურაბ კახეთელიძე.
პ.ს. სტატიის მზადებისას "სპექტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ ზემო კაჭრეთის რწმუნებული ვაჟა არუთინაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, ასევე განიხილება კაჭრეთის რწმუნებულის გივი რამაზაშვილის გათავისუფლების საკითხიც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა აგრეთვე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები