საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელსა და გამგეობის თანამშრომლებს ბრალი წაუყენეს
დღეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ლოლაძე, მოადგილე ბესიკ მარტიაშვილი, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ხატიაშვილი,
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თენგიზ ივანელაშვილი, საკრებულოს მთავარი სპეციალისტი თეიმურაზ ჯინჯიხაძე და სამი შპს-ს (შეზღუდული შესაძლებლობების საზოგადოება) დირექტორი_ზაზა მაისურაძე, რევაზ ბაჩოშვილი და გიორგი ადუაშვილი და დააკავეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, მათ ბრალად ედებათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი თანხის, 80 ათასი ლარის მითვისება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი თინა ხიდაშელი კი მუნიციპალიტეტის გამგებელს და სხვა დაკავებულებს თავდებში უდგება და აცხადებს, რომ მათ უდანაშაულობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, აღნიშნულ პროექტზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს:
-"აბსოლუტურად ყველა დეტალი ვიცი ამ პროექტის შესახებ. პირადად ვამოწმებდი ყველა თეთრის ხარჯვას, რომელიც დაკავშირებული იყო ამ პროექტთან. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ღონისძიება, რომელიც მე რაიონში განვახორციელე და დავეხმარეთ განსაკუთრებულად გაჭირვებულ ადამიანებს სახლების გადახურვაში. ამიტომ მინდა მივმართო ფინანსურ პოლიციას, რომ თუ აქვთ რაიმე კითხვები, მეც დამკითხონ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას ამ კონტრაქტზე აბსოლუტურად, თავიდან ბოლომდე, იმიტომ, რომ ეს პროექტი დაიწყო ჩემი ინიციატივით და მე ვიყავი საქმის კურსში განხორციელებული საქმიანობის შესახებ.“_განაცხადა დეპუტატმა.
თინა ხიდაშელს იმედი აქვს, გამოძიება სიმართლეს დაადგენს.
მასალის გამოყენების პირობები