გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის საქმის გამოძიების არ სჯერა და აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს სიმართლე ვერ გაირკვევა.
-"როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მანანა ბერიკაშვილმა, ირაკლი ალასანიამ და საერთოდ "ქართული ოცნების" მთელმა გუნდმა მე მამხილა. მათ მოახდინეს ხალხზე ზემოქმედება, თითქოს "ნაციონალური მოძრაობა" ხოცავდა ბავშვებს. მე არ ვიცი რა მოხდა კონკრეტულად, მაგრამ ის ვიცი, რომ ეს საქმე ამ ხელისუფლების პირობებში არასოდეს გაიხსნება. როდესაც ადამიანს ასე ცრუდ ადებ ხელს უმძიმეს დანაშაულში, ეს უკვე დანაშაულია," _ აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.
გამოძიებასთან დაკავშირებით თავისი ეჭვები აქვს ბარბარე რაფალიანცის დეიდასაც. დალი მექერიშვილი ფიქრობს, რომ გამომძიებლები "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან და მათ დაკვეთას ასრულებენ.
-"ვეჭვობ, რომ ეს გამომძიებლები "ნაციონალური მოძრაობის" მითითებით მოქმედებენ, მაგრამ ამ საქმეს არ შევეშვები. პირობას ვდებ, რომ ეს საქმე არ ჩაიფარცხება. ცოტა ხანს დავიცდით და თუ არაფერი გაირკვა, პრემიერს შევხვდებით, ბოლოს და ბოლოს, სიმართლე უნდა გაირკვეს. "ნაციონალური მოძრაობა" ამბობდა, რომ "ქართულმა ოცნებამ~ ფული გადამიხადა და ბარბარე ქვევრში მე ჩავაგდე. არჩევნების დღეს დაქირავებული ჰყავდათ ხალხი და ამ ვერსიას ავრცელებდნენ. საზოგადოებამ სიმართლე უნდა გაიგოს"- აღნიშნა "სპექტრთან" საუბარში დალი მექერიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს მარანში წყლით სავსე ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. აღნიშნულ საქმეს შსს სამინისტრო იძიებს, თუმცა ამ დრომდე
გახსნილი არ არის.
თამარ კაპანაძე
ამავე თემაზე
ახალი დეტალები ბარბარე რაფალიანცის საქმეში
ზეწოლა ბარბარე რაფალიანცის ახლობლებზე
მასალის გამოყენების პირობები