19 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალების წარმომადგენლებს შეხვდა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში: "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის".
მინისტრმა ჟურნალისტებს გასული წლების სტატისტიკა გააცნო და გაზვიადებული უწოდა პოლიტიკური ოპონენტების განცხადებას კრიმინოგენული სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით.
-"გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დანაშაულის მატება იყო, მე ვგულისხმობ წვრილმან ქურდობებს, მაგრამ დეკემბრიდან გახსნის პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ სრულად ვფლობთ სიტუაციას მთელ საქართველოში", – განაცხადა შს მინისტრმა და იქვე აღნიშნა:
-"ეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არც ღირს. ის განწყობა, ის განცდა, რომ რაღაც დაიძაბა, შეიძლება გამოიწვია იმან, რომ ამნისტიის შედეგად ციხიდან გამოვიდა 8 ათასამდე ადამიანი, 2 ათასამდე პატიმარი კი პრეზიდენტმა შეიწყალა, მათ შორის მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებიც."
მინისტრის თქმით, 2007 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა შეადგენდა 5 181, 2013 წლის იანვარში რეგისტრირებულია 3 900 დანაშაული. 2007 წლის თებერვალში აღრიცხული იყო 5 300 დანაშაულებრივი ფაქტი, 2013 წლის თებერვალში დარეგისტრირდა 3 800 დანაშაული.
"2009 წელს იყო 4 000, ანუ იმაზე მეტი ვიდრე გვაქვს ჩვენ ახლა. 2010-2011 წლებში არის შედარებით სტაბილური. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თქვენ თუ აიღებთ შესადარებლად გასულ წლებს, ძალიან დიდ სხვაობას ვერ ნახავთ. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არც ერთ დანაშაულს არ ვმალავთ და ხელს არ ვაფარებთ. ჩემი დავალება არის, რომ ყველა დანაშაული მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის იქნება, უნდა დარეგისტრირდეს და ყველა დანაშაულზე უნდა მოვახდინოთ რეაგირება", – აღნიშნა შს მინისტრმა
თუმცა "ნეტგაზეთის" ჟურნალისტმა მინისტრსს შსს-ს მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაცია გააცნო, სადაც დანაშაულის მნიშვნელოვანი მატება ფიქსირდებოდა.
-"თქვენ რაც გიკავიათ ეს მონაცემები, მე უნდა ვნახო, უნდა გავეცნო, მე არ ვიცი, რა მონაცემებს კითხულობთ მანდ. მე გითხარით, რომ თვის ბოლოს ჩვენ გვექნება სტატისტიკური მონაცემების გასაჯაროება და ამის შემდეგ მე გავცემ თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხს", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ფაქტზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში გარდაცვლილის მშობლებს.
ირაკლი ღარიბაშვილს კითხვით "სპექტრმაც" მიმართა:
-"ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, შსს რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელები გვთხოვენ, რომ სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდეთ, უბრალოდ სტატისტიკის გამოთხოვის დროსაც კი თქვენი პრესსამსახურის თანხმობა გვჭირდება. რა გზით შეძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას, მაშინ როცა რეგიონული მედიასაშუალებები, ვებ-გვერდის ოპერატიულ მუშაობაზე ზრუნავენ და რეგიონის კრიმინალურ ვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესიც მაღალია? და კიდევ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილის მიაჩნია, რომ პატრულის თანამშრომლები ხელფასზე დანამატის სახით იღებენ თანხას დაწერილი ჯარიმების მიხედვით, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია?
-"არ არის ასე, თუმცა როგორც ნინო გიორგობიანი (პრესსამსახური ავტ.) მახსენებს, წინათ იყო ეს პრეცედენტი, ამ ეტაპზე ისინი იღებენ პრემიებს, თუმცა ეს არ უკავშირდება ჯარიმებს. გთხოვთ ნუ აურევთ ერთმანეთში: დანამატებს იღებენ იმის გამო, რომ კარგად მუშაობენ.
რაც შეეხება თქვენს რჩევას, რეკომენდაციას დავარქმევდი, ალბათ, უფრო მობილური უნდა გავხდეთ, შესაძლებელია რეგიონული ცენტრებიც შეიქმნას და მათ ჰქონდეთ ეს კომპეტენცია," – აღნიშნა მან.
ასეთი დაპირება მისცა მედიასაშუალების წარმომადგენლებს შსს მინისტრმა, იმედია ეს განცხადება მხოლოდ პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" არ გაკეთდა.
მასალის გამოყენების პირობები