გასულ კვირას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კახეთის გუბერნატორის ყოფილ პირველ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს ბრალი წაუყენა. 31 იანვარს თელავის რაიონულმა სასამართლომ კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო _ 15 000 ლარი შეუფარდა.
თავად გიორგი სიბაშვილი ბრალს არ აღიარებს და განჩინების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. კახეთის გუბერნატორის ყოფილ პირველ მოადგილეს, გიორგი სიბაშვილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვაში ადანაშაულებს. საგამოძიებო სამსახურის პრეს-სპიკერმა ნათია სუხიაშვილმა გიორგი სიბაშვილის ბრალეულობის შესახებ 30 იანვარს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ სიბაშვილმა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს დირექტორს ვალერიან გრემელაშვილს დაავალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში წყალდიდობით დაზიანებული შიდა გზების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შესახებ ხელშეკრულება დაედო ინდ.მეწარმე დიმიტრი ივანელაშვილთან. ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ინდ.მეწარმე ივანელაშვილს საბანკო ანგარიშზე კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოდან გადაირიცხა 55 689 ლარი. რეალურად კი შესრულებული სამუშაოების ღირებულება აღმოჩნდა ნაკლები და გაფლანგულ იქნა 10 794 ლარი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სიბაშვილის დავალებით დედოფლისწყაროში არსებული `ქოჩების ტბის~ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით გრემელაშვილმა ხელშეკრულება გააფორმა შპს „ხიდთან“, რომელმაც 74 963 ლარის ღირებულების ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტაცია წარადგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ რეალურად შესრულდა ნაკლები ღირებულების სამუშაოები და გაფლანგული თანხა აღმოჩნდა 24 145 ლარი. გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ სიბაშვილის დავალებით გრემელაშვილმა კახეთის რეგიონული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი სასაჩუქრე ნივთებისა და ატრიბუტიკის შესყიდვის მიზნით, ერთ-ერთ შპს-სთან 208 207 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, თუმცა შესყიდული საქონლის რეალური ღირებულება აღმოჩნდა 98 896 ლარი. აღნიშნული ქმედებით სიბაშვილმა და გრემელაშვილმა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს კუთვნილი თანხა 115 311 ლარი გაფლანგეს. გამოძიებამ სიბაშვილი კიდევ ერთ დანაშაულებრივ ქმედებაში ამხილა. კერძოდ, ბრალდებულმა გრემელაშვილს უკანონოდ დაავალა კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოში თანამშრომლებად გაეფორმებინა თავისი მეგობრები. აღნიშნული პირები არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას და ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით იღებდნენ სხვადასხვა ოდენობის თანხებს. ამ ქმედებით სააგენტოს 29 224 ლარის ზიანი მიადგა. გარდა ამისა, ერთი წლის განმავლობაში სიბაშვილი საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ და გამორჩენის მისაღებად გრემელაშვილს სთხოვდა, მისთვის, როგორც კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარისთვის პრემიები ჩაერიცხა. ერთი წლის განმავლობაში მან პრემიის სახით 13 376 ლარი მიიღო.“
თავად გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე ბრალს არ აღიარებს. საზოგადოების იმ ნაწილს კი, რომელიც თვლის, რომ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის მიღებული პრემია გაუმართლებელია, გიორგი სიბაშვილი პასუხობს: "ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს არის რეგიონალური განვითარების სააგენტოს, ანუ ფონდის და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. თანაც ცამეტი ათასი ლარი არის ოთხი წლის განმავლობაში მიღებული პრემიების ჯამი. ოთხ წელიწადში არის ოცდათექვსმეტი თვე და მე სულ მიღებული მაქვს 13 000. ხალხმა ერთ თვეში აიღო ორჯერ მაგდენი. ძალიან ვნანობ, რომ ყოველთვე არ ავიღე."
თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მარიკა ცერცვაძემ კახეთის საოლქო პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო _ 15 000 ლარი შეუფარდა. თუმცა საოლქო პროკურატურა გირაოს განსაზღვრას 50 000 ლარის ოდენობით ითხოვდა. გიორგი სიბაშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს და აპირებს სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. "გირაოს გადახდას არ ვაპირებ სასამართლოს განჩინებას აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე გავასაჩივრებ. უკვე მზად მაქვს და დღეს შევიტან. შევასრულებ იმას, რასაც სააპელაციო სასამართლო დაადგენს." (კომენტარი ჩაწერილია 01.02-ში).
კახეთის მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს სიბაშვილის მისამართით განხორციელებულმა ქმედებებმა 1937 წელი გაახსენა. ,,ქართულმა ოცნებამ~ წინასაარჩევნოდ მოსახლეობას არაერთი ვარდისფერი დაპირება შესთავაზა, რომლისგანაც არც ერთი შეუსრულებია და ამას ყველა კარგად ხედავს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დაპირება შეასრულეს პირნათლად, რასაც ჰქვია საქართველოს წარსულში დაბრუნება. დღეს საქართველოში 1937 წელია. ,,დამიჭირეს მკლავი მომჭრეს რატომ კარგი აგიგია~. სწორედ ამ პრინციპით არის სიბაშვილი პასუხისგებაში მიცემული. ამ კაცს დანაშაული არ ჩაუდენია" _ განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. გიორგი სიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 მარტსაა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები