საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში ყოფილი ცოლის დაჭრასა და
მისი მეუღლის მკვლელობაში ბრალებული დააკავეს. შინაგან საქმეთა
სამინისტროს ინფორმაციით, მას ორი პირის მიმართ დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის
სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს - 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987
წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ.
შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში
გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ი.ხ. ბრალდებულის სახით
დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე
მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ
გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.“ - აცხადებენ
შსს-ში.
მათივე ცნობით, დანაშაულები 16 - დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები