„დანერგე მომავალის“ ბენეფიციარებისა და სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის 3 პირი დააკავეს
სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - „დანერგე მომავალი“ ხუთი
ბენეფიციარის და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად
მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების
ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხი
პირი ამხილეს, მათგან სამი კი - დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებმა, ზემოხსენებული სახელმწიფო
პროექტის ფარგლებში, სააგენტოსგან მიიღეს 1 049 230 ლარის დაფინანსება
ვაშლის და ნუშის ნერგების შესაძენად. ხსენებული თანხა, პროგრამაში
მონაწილე ბენეფიციარებმა, მათი თანამონაწილეობის თანხასთან - 700 758
ლართან ერთად, გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ
კომპანიას, რომელსაც უნდა განეხორციელებინა აღნიშნული ნერგების
იმპორტირება, განსაზღვრულ მიწის ნაკვეთებზე ჭაბურღილის მოწყობა,
წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა და ბაღების გაშენება, თუმცა
კომპანიის დირექტორმა და მისმა ორმა თანამშრომელმა მოახდინეს მხოლოდ
617 205 ლარის ღირებულების ნუშის ნერგების იმპორტი, ხოლო დანარჩენი 1
132 783 ლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს.
ამასთან, ბრალდებულებმა ერთ-ერთ აუდიტორს დაამზადებინეს ოთხი ერთეული
ყალბი აუდიტორული დასკვნა ჭაბურღილის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც
წარადგინეს სოფლის განვითარების სააგენტოში, მიღებული თანხების
მიზნობრივად გამოყენების დასადასტურებლად.“ - აღნიშნულია ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 182-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები