კახეთის რეგიონში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად
დაუფლების, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურეობრივი
უფლებმოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს პროკურატურამ ბრალდება 13 პირს წარუდგინა. მათ შორისაა,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა
ავრცელებს.
პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით
დადგინდა, რომ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მიწის სისტემური
რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ბრალდებულებმა ინდივიდუალური
განცხადებით მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების
დარეგისტრირება მოითხოვეს.
სარეგისტრაციო წარმოებისას, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა,
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით,
თანასოფლელების სასარგებლოდ, ყალბი ინფორმაცია მიაწოდა საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს.
ასევე, განმცხადებელმა პირებმა, ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების
მიზნით, ერთმანეთის სასარგებლოდ იცრუეს და დაადასტურეს, თითქოსდა 2007
წლის 20 სექტემბრამდე მდგომარეობით, მომიჯნავედ, ფლობდნენ უძრავ
ქონებას“.
როგორც ირკვევა, საუბარია სახელმწიფოს კუთვნილ 122 700 ლარის
ღირებულების 79 232 კვ.კმ მიწის ფართობზე.
საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ
წარმომადგენელს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე
(სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის
საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს
კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 180-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი
ოდენობით) წარუდგინა.
რაც შეეხება მერის წარმომადგენლის თანასოფლელებს, მათ ბრალდება 180-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა,
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი დიდი ოდენობით)
წარედგინათ.
როგორც პროკურატრაში განმარტავენ, ამ ეტაპზე ბრალდებულები
გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით, მათ სახელმწიფოს სასარგებლოდ
თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთები ჩამოერთმევათ.
მასალის გამოყენების პირობები