სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში მეუღლის განზრახ მკვლელობის
მცდელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
ინფორმაციას ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს
დაბადებული შ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის
მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
მათივე ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტის
სოფელ ბოდბეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის
დროს, მეუღლე - 1995 წელს დაბადებული მ.ა. სანადირო თოფიდან გასროლით
თავის არეში დაჭრა. დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.“ -
აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ნივთმტკიცებად ამოღებულია
დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა
19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები