გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოქმედი
გაჯის საწარმოები - შპს „დენმარკი“ და შპს „სამგორი ველი“ დააჯარიმა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროს
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის განცხადებით, ინსპექტირებით დადგინდა, რომ საწარმოები
არ ასრულებენ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ ახდენენ დაბინძურების
სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტ
თვითმონიტორინგს ინსტრუმენტული მეთოდით.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტული
მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაცვა. შესაბამისად, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების შემოწმებას რეგულარულად
ახორციელებს. თითოეულ სამართალდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას
მოვახდენთ.
ეკონომიკის განვითარება გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენებით უნდა
მოხდეს,“ - განმარტავს დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა.
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ საწარმოების მიმართ უკვე შედგენილია
ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 76(1) მუხლის
მეორე ნაწილით, რომელიც 20 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
მასალები გადაგზავნილია შესაბამის სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები