გამოძიების შედეგად, 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული კომპლექსური
გამოძიების შედეგად, 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის
ტრანსნაციონალური ლეგალიზაციის დანაშაული გამოვლინდა.
პროკურატურის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი იურიდიული და
ერთი ფიზიკური პირის მიმართ არის დაწყებული.
"გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს
მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ.
მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, ჰონგ-კონგში
მოქმედი კომპანიის დირექტორთან კომუნიკაცია დაამყარეს და იგი
საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი
ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.
აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან
აშშ-ში, მართლსაწინააღმდეგო მიზნით დაფუძნებული საწარმოს საბანკო
ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს, დანაშაულებრივი ჯგუფის
წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.
შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7
დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით
საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი
საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო
ანგარიშებზე გადმოირიცხა.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 000
000 დოლარის გათეთრება მოახდინეს.
გამოძიების ეტაპზე ბრალდებულის საწარმოების საბანკო ანგარიშებზე
განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან
ნაწილს ყადაღა დაედო. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის
ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ
პროცედურებს გაატარებს.
ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა
ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო,
რასაც თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, რაც
სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
იურიდიული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდება ასევე უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან განსაკუთრებით დიდი
ოდენობით შემოსავლის მიღება ახლდა, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და
საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე
ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული
პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით," - ნათქვამია პროკურატურის
მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები