„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, მიმართა
ევროკავშირის ელჩს, ასევე აშშ-ის ელჩს, ოპოზიციასა და სხვა
მედიასაშუალებებს. მან ასევე აღნიშნა,რომ ტელეკომპანია არ აპირებს
არანაირი თანხის გადახდას.
„მინდა პირადად მივმართო ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ
ჰარცელს, ყველა ამ ვითარებაში, მათ შორის საკუთარ დოკუმენტებშიც, ეს
ცენზორების უწყება ამბობს, რომ ეს არის ევროპული სტანდარტი და
ხელმძღვანელობენ ევროპული სტანდარტით. ამიტომ, მივმართავთ პირადად
კარლ ჰარცელს, რომ მან მოახდინოს რეაგირება ამ საკითხთან
დაკავშირებით. ასევე მივმართავ პირადად აშშ-ს ელჩს, ჩვენი კანონი
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ აღიარებულია ევროპის
კონტინენტზე ყველაზე კარგ კანონად, რადგან გაცილებით მაღალი
თავისუფლების სტანდარტი გვაქვს აღებული, ვიდრე საშუალო ევროპული
სტანდარტი. მივმართავ მას, პირდაპირ მან შეისწავლოს ეს საკითხი და
მანაც მოახდინოს მყისიერად რეაგირება.
ასევე მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, - ძალიან
მნიშვნელოვანია თქვენი პოზიცია იმიტომ,რომ რეალურად, თქვენი კლიპი იყო
მიზეზი ამ ყველაფრის, მაგრამ ცხადია, ბრალდების რეჟიმში კი არ ვამბობ,
თქვენი შეზღუდვა არის, მედიაში პრაქტიკულად ვერ გამოჩნდება თქვენი
ვერაფერი, სადაც რომელიმე კონკრეტულ პირს კორუფციაზე, სასამართლო
„კლანზე,“ ხელისუფლების მითვისებაზე ან არჩევნების გაყალბებაზე და
ა.შ. ესაუბრებით. ვერაფერი ვერ განთავსდება ვერცერთ არხზე.
მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს, მათაც ექნებათ იგივე პრობლემა,
მაგალითად ოპოზიციური პარტიის მიტინგის დაანონსება და დროის
განმარტება, რომელიც არ წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას, არამედ
საინფორმაციო დატვირთვა აქვს, ესეც აკრძალული გვაქვს.
მივმართავთ ასევე სხვა ტელევიზიებს, ჩვენ გვაქვს თქვენი გვერდში
დგომის იმედი, ვიცით, რომ ეს აქლემი თქვენს კართანაც დაიჩოქებს.
არაერთხელ გამხდარხართ მსხვერპლი, მაგრამ ეს უპრეცენდენტო ხასიათს
იღებს „მთავარი არხის“ წინააღმდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის,
რომ ეს არის ყველაზე მაღალი სანქცია, რაც შეიძლება იყოს და ამაზე
ზემოთ არის ერთადერთი სანქცია დარჩენილი, - მაუწყებლობის უფლების
შეჩერება, რაც გამოიწვევს ამ ტელეკომპანიის გაჩერებას“, - განაცხადა
გვარამიამ .
მიმართვამდე რამდენიმე წუთით ადრე, “მთავარი არხის” დირექტორმა
გააკეთა განცხადება, რომელშიც ხაზი გაუსვა იმას, რომ ტელეკომპანია არ
აპირებს არანაირი თანხის გადახდას.
“ფორმალურადაც და მატერიალურადაც აბსოლუტურად მცდარია ეს
გადაწყვეტილება. მიზნად ისახავს ერთადერთს, ჩვენი
სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს
არის ცენზურის გადაწყვეტილება და მინდა იცნობდეთ, ივანიშვილის პირად
ცენზორებს, თავისუფალი სიტყვის ჯალათებს, რომლებიც აუცილებლად აგებენ
პასუხს. ეს არ არის პირველი შემთხვევა. არ ვაპირებთ არანაირი თანხების
გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ, სასამართლო გაუძლებს
თუ არა უკანონობის შესახებ ტესტს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ "მთავარი არხი" 12 000
ლარით დააჯარიმა.
მასალის გამოყენების პირობები