სხვის ფეისბუქ და საბანკო ანგარიშებზე შეღწევით პირმა 100 ათასი ლარი მიითვისა
შსს-ს ინფორმაციით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ
სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული,
წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და
აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე.
ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში
შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები
და ინტერნეტბანკის სმს პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია
მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხას
დაეუფლა.
ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია
თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის
გვერდზე და აღნიშნული ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს.
ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით
გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტბანკის
„სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ
ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხას დაეუფლა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით
მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ
ონლაინკაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ
საბანკო ანგარიშებზე“ – წერს შსს.
პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად
კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების
Facebook-ის გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები
აღმოაჩინა.
გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად
ამ ეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100
ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები
გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო
მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების
მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც რამაც
მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები