სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე
საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ გ , გიორგი ., ტარიელ ი და რამაზ ი
ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს, 2 700 000 ლარის მათთვის გადახდის
სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული
ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ და არწმუნებდნენ, რომ
ინფრასტრუქტურის სამინისტროში, საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის
გამოყენებით, უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის
ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და
ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას. ორგანიზებული დანაშაულებრივი
ჯგუფის წევრები კომპანიის წარმომადგენლების მოტყუებით თაღლითურად
დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს - 10 000 აშშ დოლარს, რა დროსაც
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კ.-მ 2016
წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს
ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების
დასაფინანსებლად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად სამ ეტაპად, ჯამში მოტყუებით 350 000
ლარი გამოართვა.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის
180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტებით,
რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს). საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო
მოქმედებები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები