კახეთში ქრთამის აღების ფაქტზე - ერთი, ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე 4 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს
თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს
სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების განყოფილების უფროსი ზაქარია
ქინქლაძე დააკავეს.
ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულები არიან: შპს „გრემი“-ს
დამფუძნებლები გოჩა ფ. და გიორგი ა, შპს „ქისტაური“-ს დამფუძნებელი და
დირექტორი რამაზ ლ და მოქალაქე ვაჟა ფ.. როგორც გამოძიებამ დაადგინა,
გიორგი ა-მ, გოჩა ფ-მ და ვაჟა ფ-მ განიზრახეს ხე-ბუჩქნარის უკანონო
გაჩეხვა და მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის
რეალიზაციის შედეგად უკანონო შემოსავლების მიღება. მათ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური სამმართველოს
მაღალი თანამდებობის პირს მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის
სახით ყოველ თვე 3000 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზეს. დაპირებული
თანხა აღნიშნულ პირს გოჩა ფ-მ გადასცა.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამაზ ლ-მ განიზრახა ახმეტის რაიონის
სოფელ ორვილას ტყეში ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა და
მართლსაწინააღმდეგოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალის რეალიზაციის შედეგად
უკანონო შემოსავლების მიღება. რამაზ ლ-მ ზემოხსენებულ პირს
მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით ყოველ თვე 10 000 ლარის
გადახდა შესთავაზა და დაპირებული თანხის ნაწილი 8000 ლარი გადასცა.
ამასთან, რამაზ ლ-მ ადგილზე შესასრულებელ პროცედურებში დახმარების
სანაცვლოდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის
რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების
განყოფილების უფროს ზაქარია ქინქლაძეს ქრთამის სახით 2500 ლარი
გადასცა. ქრთამის სახით გადაცემული თანხები - 3 000 აშშ დოლარი და 8
000 ლარი ნივთმტკიცებად ამოღებულია.
გამოძიება ქრთამის აღებისა და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს
(საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის მე-2
ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას
6-დან 9 წლამდე და 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები