სოფელ გურჯაანში, პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში
ბრალდებულის ოჯახი სამართალდამცველებს უპირისპირდება და ძალის
გადამეტებაში ადანაშაულებს.
ლია ბერიშვილის განცხადებით, მისი მეუღლე და შვილი უსამართლოდ
დააკავეს და ოჯახის სხვა წევრებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინცინდენტი
დღეს მოხდა.
-„მე, ჩემი მეუღლე და შვილიშვილი გურჯაანში მივდიოდით. პატარა დაუნის
სინდრომის მქონე პირია და მასაჟზე მიგვყვავდა. გზაზე რომ ჩამოვედით,
იქვე ჩემი ქმრის ძმაკაცები იდგნენ და მანქანა გააჩერა. გურჯაანიდან
ბაკურციხის მიმართულებით მიდიოდა პოლიციის „პიკაპი.“ გაგვცდა
რამდენიმე მეტრით და ისევ მობრუნდა - მანქანა არასწორად გაქვთ
გაჩერებულიო. მეუღლეს უთხრეს, 50 - ლარიანი ჯარიმა უნდა დაგიწეროთო,
რატომ 50 ლარიანი, არასწორად დგომაზე 10- ლარიანი მეკუთვნისო.
პოლიციელები მანქანებიდანვე აგრესიულები გადმოვიდნენ, თქვენი ჯავრი
გვჭირს და 50 ლარიანს დაგიწერთო. ამაზე შელაპარაკდნენ. არ გავიდა 2
წუთი 50 -მდე პოლიციელი იქ გაჩნდა. ჩემ ბიჭს რომ აკავებდნენ,
წამაქციეს, ბავშვიც წააქციეს, შაქარი მაქვს და გული წამივიდა ძლივს
მომასულიერეს, ზედ გადამიარეს. მოგვაძახეს თქვენი ჯავრი გვჭირს, ყველა
უნდა დაგიჭიროთო. მეზობლებიც დაადასტურებენ რომ არ ვტყუოდით, ერთ-ერთი
ბიჭი მოგვემხრო და ისიც დააკავეს. რამდენიმე თვის წინაც ჩემი ბიჭი
პოლიციაში წაიყვანეს და სცემეს, მაშინაც ამბობდნენ წინააღმდეგობა
გაგვიწიაო“.- გვიყვება ლია ბერიშვილი.
ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. უწყებაში ამბობენ,
რომ აღნიშნული ინცინდენტის დროს, სამი პირი დააკავეს. ერთი
-ადმინისტრაციული წესით, ერთი კი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე
მუხლით, რაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შსს-ში ამ დროისთვის მეტ კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები