სასამართლომ გურჯაანის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება გააბათილა
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის თებერვალში გამგეობიდან
გათავისუფლებული ოთხი თანამშრომლის საქმეზე გადაწყვეტილება გუშინ
გამოიტანა.
მოსამართლე დევი დევიძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება გააბათილა და
გამგეობას ხელახალი კონკურსის ჩატარება დაავალა.
-„2009 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის
განყოფილებაში სპეციალისტად კონკურსის გზით დავიწყე მუშაობა. 2014
წელს, გამგებელმა გია გერგიძემ, რეორგანიზაციის მიზეზით ჩვენს
განყოფილებაში შტატები გაუფრთხილებლად გააუქმა და სამთვიან
ხელშეკრულებაზე გადაგვიყვანა. ეს წინასწარ გამიზნული ქმედება იყო,
რადგან მას ჩვენი, ძველი კადრის სამსახურიდან გაშვება უნდოდა. შემდეგ,
გავიარეთ კონკურსი, 60 ქულიდან 53 მივიღე. ჩემთან ერთად სხვა
მოსარჩელეებმაც კარგი შედეგი აჩვენეს. თუმცა როგორც გვითხრეს, შემდეგ
გასაუბრება ვეღარ გავიარეთ. რა თქმა უნდა, ეს არაობიექტურად მოხდა.
2015 წელს სასამართლოს მივმართეთ. როგორც იქნა, პროცესი გუშინ
დასრულდა. ჩვენმა სარჩელმა მეოთხე მოსამართლე გამოიცვალა. მოთხოვნა
დაკმაყოფილდა და გურჯაანის საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება
გაბათილდა. გაბათილდა ასევე მათზე დაწერილი ბრძანება, ვინც იმ
პოზიციებზე დანიშნეს, სადაც ჩვენ გვქონდა განაცხადი
შეტანილი.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილმა
თანამშრომელმა მარიკა ლაფაჩიშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში.
როგორც ის ამბობს, მოსარჩელეები ითხოვენ მორიგი გასაუბრების ეტაპი
გამჭვირვალედ ჩატარდეს, დაესწროს მათი წარმომადგენელი და
ჟურნალისტები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსს ნანა ჭაბუკაძეს დავუკავშირდით,
თუმცა უწყებაში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები