მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა 1 589 266 აშშ დოლარი მიითვისეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით
თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ფაქტზე, ორი პირი სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში
რეგისტრირებული შპს „ემეფიქს ბროკერ ჯორჯია“- ს და შპს „ემეფიქს
გრუპის,“ ასევე, ოფშორულ ზონაში, ბელიზში რეგისტრირებული კომპანია
“Master services inc”- ის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს
მოქალაქე, მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე,
იგორ ვოლკოვმა, 2014 წლიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში, მოიზიდეს
საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები პროგრამა Mfx capital-ში
ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ, ყოველთვიური მაღალი
საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად
დაბრუნების პირობით.
მათივე ცნობით, აღნიშნული გზით, ბრალდებულების მიერ, ფიზიკურ პირებთან
გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანხების მიზნობრივად
ინვესტირების ნაცვლად, გაფლანგულ იქნა 105 ფიზიკური პირის მიერ
ინვესტირებული თანხა - ჯამში 1 589 266 აშშ დოლარის ოდენობით.
მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და იგორ ვოლკოვმა სისხლის სამართლის საქმეზე
გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, თავს არიდებენ
საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში.
სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და
გამოიტანა დადგენილება მათი ძებნის შესახებ.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182 - ე
მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები