"აკურის" ღვინის ქარხნის საქმეზე ადეიშვილი და მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "აკურის“ ღვინის ქარხნის
უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტზე მიმდინარე საქმის განხილვა დასრულდა.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა
ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ
წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი
ივანე მერაბიშვილი და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ
ადეიშვილი დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტებისთვის.
უწყების ცნობითვე, სასამართლოს მიერ უკვე დადასტურებულია, რომ ივანე
მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის ორგანიზებით, მოქალაქეებს -
თეიმურაზ მეგრელიშვილს და ნოდარ მოდებაძეს იძულებით დაათმობინეს
თელავში მდებარე "აკურას“ ღვინის ქარხანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ივანე მერაბიშვილს
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც
,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და
განესაზღვრა 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზურაბ
ადეიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით
განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ,,ამნისტიის შესახებ“
საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6
თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ორივე მათგანს დამატებითი სასჯელის
სახით დაეკისრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის და
6 თვის ვადით.
პროკურატურის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ერთობლივი მოქმედების შედეგად, დაზარალებულ მოქალაქეებს თეიმურაზ
მეგრელიშვილსა და ნოდარ მოდებაძეს დაუბრუნდათ უკანონოდ
ჩამორთმეული "აკურის" ღვინის ქარხანა.
მასალის გამოყენების პირობები