შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო
აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს
პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში
მყოფი მოქალაქეების: 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და 1984 წელს
დაბადებული ვ.შ.-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 მარტს აღნიშნული პირები ქალაქ
ზუგდიდში, ლევან მეორე დადიანის ქუჩაზე, ვ.შ.-ს მართვის ქვეშ მყოფი
ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შს სამინისტროს გენერალური
ინსპექციის თანამშრომლებმა ისინი შეაჩერეს და ჩაატარეს საგამოძიებო
მოქმედებები - პირადი და ავტომანქანის ჩხრეკა. ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, პოლიციის თანამშრომელს - ი.ჭ.-ს ჯიბეში
აღმოაჩნდა ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (სავარაუდოდ, ნარკოტიკული
საშუალება). ავტომანქანის ჩხრეკისას, წინა მარჯვენა კარის სათავსოში,
ასევე, ნანახი და ამოღებული იქნა საინექციოდ გამზადებული ე.წ."შპრიცი“
- სითხის შიგთავსით.
აღნიშნულის გარდა, მოქალაქე ვ.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას
ნანახი და ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ლითონის
კონსტრუქციის მჭიდი, ხელყუმბარა და 86 ვაზნა.
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო
სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორი ი.ჭ. და
ავტომანქანის მფლობელი, მოქალაქე ვ.შ. დააკავა.
სამინისტროს ცნობითვე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, ვ.შ.-ს
ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკის
მოხმარების ფაქტი, ი.ჭ.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის
მოხმარების ფაქტი და ვ.ს.-ს ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და
მეტადონის მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ. საქმეზე მიმდინარეობს
შემდგომი საგამოძიებო მოქმედებები.
ძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები