ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4 ხელმძღვანელი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დაკავებულია
ფსიქოტროპული მედიკამენტებით ურეცეპტოდ მოვაჭრე 53 აფთიაქის 4
ხელმძღვანელი პირი, ხოლო ამავე დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის 25
წევრი ბრალდებულის სახით მიცემულია სისხლის სამართლის
პასუხისგებაში.
-"გამოძიებით დადგენლია, რომ საქართველოში მოქმედ და ავტორიზებულ
აფთიაქებში, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული, მათ შორის
ფსიქოტროპული მედიკამენტების შესაბამისი რეცეპტის მოთხოვნის გარეშე
რეალიზაციის ფაქტზე, სსიპ ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო
რეგულირების სააგენტო“- ს მიერ ხორციელდება აფთიაქის დაჯარიმება
ადმინისტრაციული წესით. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების
მიუხედავად, ავტორიზებული ფსიქოტროპული აფთიაქის ხელმძღვანელი პირები
მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოს
მთელ ტერიტორიაზე სისტემატურად აგრძელებდნენ მედიკამენტების
შესაბამისი რეცეპტის გარეშე რეალიზაციას მოქალაქეებზე, მათ შორის
არასრულწლოვან პირებზე, რითაც ხელს უწყობდნენ ე.წ. „სააფთიაქო
ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და
ჯანმრთელობას."-განმარტავენ უწყებაში.
მათივე ცნობით, დაჯარიმებული ავტორიზებული აფთიაქების ხელმძღვანელი
პირები არ იხდიდნენ დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმას და უკვე
არსებული საჯარიმო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, მათთან
დაკავშირებული ცალკეული პირების სახელზე, უმეტეს შემთხვევაში იმავე
სავაჭრო ობიექტზე არეგისტრირებდნენ ახალ შპს-ებს, რომელთა სახელზედაც
თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, გადაჰქონდათ
დაჯარიმებული აფთიაქების ქონება და სასაქონლო მარაგები.
ბრალდებულებმა სხვადასხვა პირის სახელზე რეგისტრირებული 53
ავტორიზებული აფთიაქების გამოყენებით, თავი აარიდეს სახელმწიფო
ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გადახდას, ხოლო მათ
მიერ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების დადების გზით,
გადამალული ქონების ჯამურმა ღირებულებამ 4 639 234 ლარი შეადგინა.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები