საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მოქალაქეთა კუთვნილი,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე, შპს
„საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე
კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, მერაბ ფერაძე დააკავა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 14
აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით, დარეგისტრირდა შპს ,,საფინანსო
კომპანია საქართველო“. საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა
მოსახლეობისგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება. კლიენტთა
მოზიდვის მიზნით, ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას,
რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა
ფულადი შენატანი.
-"შპს ,,საფინანსო კომპანია საქართველოს“ დირექტორმა თამაზ
ლობჟანიძემ, მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ნაცვლად იმისა, რომ
ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა, არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული
თანხები, კერძოდ, ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიკური გათვლების
გარეშე, გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის
საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში, სესხის სახით
მერაბ ფერაძეზე გაცემულ იქნა მეანაბრეთა მიერ შეტანილი 10 326 096
ლარი, 13 292 949 აშშ დოლარი და 796 136 ევრო, ხოლო შპს ,,განთიადზე“
– 382 324 ლარი და 108 300 აშშ დოლარი. შპს „საფინანსო კომპანია
საქართველოსგან“ მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და
გამოიყენა პირადი მიზნებისთვის, რის გამოც მშნიშვნელოვანი ფინანსური
ზიანი მიადგა კომპანიის 2 648 მეანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში
ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად
საფინანსო კომპანიის დავალიანება მეანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 000
000 ლარს."- განმარტავენ უწყებაში.
გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის,
მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება,
საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა
საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს
შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული
ქონებების აღმოჩენის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელით სახით 7-დან 11 წლამდე
პატიმრობას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები