დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის
გაწევაში ბრალდებულების, კახა მახარაშვილისა და შოთა ჭიღლაშვილის
სასამართლო პროცესი გაიმართა.
გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ისინი 2016 წლის 12
თებერვლის ღამეს, დაახლოებით 2 საათზე, გურჯაანში, ოქტომბრის ქუჩაზე
დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან. ბრალი წარდგენილი
აქვთ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც
გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი
წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ გურჯაანის
რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლები ლევან აფიცაური და
ილია მეგრელიშვილი, ასევე დეტექტივ-გამომძიებელი ივანე დულარიძე და
მთავარი ექსპერტი როინ ბეჟაშვილი.
ინსპექტორ-გამომძიებლის, ლევან აფიცაურის ჩვენება-
სამსახურებრივ მოვალეობას ვასრულებდით მე, ნიკა შერბაკოვი და ზაქარია
სამადაშვილი. დაახლოებით ღამის ორ საათზე, „პაპას ბაღის“ მიმდებარე
ტერიტორიაზე შევნიშნეთ 2 პირი, მათ ვიცნობდით, ვიცოდით რა
პიროვნებებიც იყვნენ. ისინი ხმამაღლა საუბრობდნენ. მივედით და
ვკითხეთ, რა ხდებოდა, რამე ხომ არ უჭირდათ. ავუხსენით, რომ უნდა
გადაგვემოწმებინა, აგრესიულები გახდნენ და გინება დაგვიწყეს. უნდა
დაგვეკავებინა ადმინისტრაციული წესით, უარესად გამოხატეს აგრესია,
დაიწყეს ფეხების და ხელების ქნევა. ზაქარიამ გადასცა მეორე ეკიპაჟს
რომ მოგვხმარებოდნენ. მოვიდნენ რევაზ ქადაგიშვილი, ალექსანდრე
შაკიაშვილი და ილია მეგრელიშვილი. დავაკავეთ და გადავიყვანეთ
სამმართველოში. სახის არეში გვირტყავდნენ, სამივეს დაგვიხიეს
სამსახურებრივი ფორმა.
დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ბრალდებულმა შოთა
ჭიღლაშვილმა ლევან აფციაურს არაერთხელ შეაგინა, რის გამოც მოსამართლე
ნუნუ ნემსიწვერიძემ დარბაზი დაატოვებინა. დარბაზიდან მოსამართლემ
წესრიგის დარღვევისთვის კიდევ რამდენიმე პირი გააძევა.
დაკავებულების ახლობლების მხრიდან პოლიციელების მიმართ აგრესიის ეს
პირველი შემთხვევა არ არის. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა
სამართალდამცველებს წინა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგაც
მიაყენეს.
მთავარმა ექსპერტმა როინ ბეჟაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ ნიკა
შერბაკოვის, ლევან აფიციაუარისა და ზაქარია სამადაშვილის
სამსახურებრივი ფორმა ფიზიკური ზემოქმედების შედეგად იყო
დაზიანებული.
ბრალდებულების ადვოკატის მაია უტიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ
მყოფები თავს უდანაშაულოდ სცნობენ და წარდგენილ ბრალდებას არ
ეთანხმებიან.
„სასამართლო სხდომაზეც იკვეთება, რომ მათი მხრიდან ერთადერთი
რაც შეიძლება ყოფილიყო, ესაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
ამისთვის ისინი ადმინისტრაციული წესით უნდა დასჯილიყვნენ. პოლიციის
მხრიდან მათი ქმედება დაკვალიფიცირდა როგორც სისხლის სამართლის
დანაშაული. ყოფილი პოლიციის უფროსის გიორგი კრაწაშვილის დროს,
პოლიციელების მოქმედება ხშირად იყო ყოფილი პატიმრების მიმართ
აგრესიული. იმის ნაცვლად, რომ ყოფილ მსჯავრდებულებს ექცეოდნენ მეტი
სიფრთხილით და ხელი შეუწყონ მათ რესოციალიზაციას საზოგადოებაში,
პოლიციელები აგრესიულად ელაპარაკებიან, ცდილობენ მათ გამოწვევას, თავს
აბეზრებენ ხშირი შემოწმებით. მათი ფსიქიკა ისედაც დაზიანებულია,
ყოფილი ხელისუფლების დროს მძიმე წლებში მოიხადეს სასჯელი. რამდენადაც
ჩემთვის ცნობილია, ჭიღლაშვილზე და მახარაშვილზე პოლიციის მაშინდელი
უფროსის, კრაწაშვილის მხრიდან განხორციელდა ფსიქოლოგიური და ფიზიკური
ზეწოლა, იყო დამცინავი დამოკიდებულებაც. ფულიც მოსთხოვეს
გათავისუფლების სანაცვლოდ. ამისი მტკიცებულებები არ გაგვაჩნია. მათ
მიერ გადაღებული ვიდეოფირი არ არსებობს, გაქრა.“- აღნიშნა
მან speqtri.ge-სთან.
ორივე ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. მორიგი სასამართლო სხდომა 7
ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები