უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უვადო პატიმრობამისჯილი გაათავისუფლეს
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია
გაითვალისწინა და უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული გიორგი
გელაძე პატიმრობიდან გაათავისუფლა.
"ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით 1997 წლის
28–29 იანვარს ჩადენილი ქმედების გამო (განზრახ მკვლელობა
დამამძიმებელ გარემოებებში), საქართველოს მოქალაქე გიორგი გელაძეს
უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ხოლო, 2010 წლის 23 დეკემბერს
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სასჯელის
შემდგომი მოხდის მიზნით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში
გადმოყვანის თაობაზე. ამავე განჩინებაში თბილისის საქალაქო
სასამართლომ ბაქოს საქალაქო სასამართლოს განაჩენი საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მუხლებთან შესაბამისობაში
მოიყვანა და გიორგი გელაძეს სასჯელის სახით კვლავ უვადო თავისუფლების
აღკვეთა განუსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მარტის განაჩენით არ
დააკმაყოფილა გიორგი გელაძეს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე. თბილისის სააპელაციო
სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების საფუძველზე, „საქართველოს
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 6
ივნისის განაჩენით დააკმაყოფილა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი და
განმარტა, რომ ვინაიდან გიორგი გელაძეს მიერ დანაშაულის ჩადენისას
მოქმედი კანონმდებლობა სანქციის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ
ითვალისწინებდა, მას უნდა შეეცვალოს უვადო თავისუფლების აღკვეთა
ვადიანი თავისუფლების აღკვეთით“, რაც სრულ თანხვედრაშია სახალხო
დამცველის რეკომენდაციასთან. 2015 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს
სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გ.გ.–ს მიმართ კანონის უკუძალის
აკრძალვის პრინციპის დარღვევის გამო წინადადებით მიმართა საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საქართველოს უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარეს. სახალხო დამცველი წინადადებაში მიუთითებდა,
რომ დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის
სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას არ ითვალისწინებდა.
შესაბამისად, კანონის უკუძალის პრინციპის აკრძალვის დარღვევით გიორგი
გელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა."-ნათქვამია
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა
მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
მასალის გამოყენების პირობები