"ექიმი აღარავის გამოუძახებია"- რატომ გარდაიცვალა დაკავებული თელავის იზოლატორში
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თელავის დროებითი მოთავსების
იზოლატორში დაკავებულის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.
"სახალხო დამცველის მიერ საქმის შესწავლის შედეგების
მიხედვით, თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი ბ.თ. 15
მარტს, დილით შეუძლოდ გახდა. იზოლატორის თანამშრომლებმა გამოიძახეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც დაკავებულმა განუცხადა, რომ
იმყოფებოდა ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაში
და ესაჭიროებოდა შესაბამისი დახმარება. ამის შესახებ დაუყოვნებლივ
ეცნობა გამომძიებელს. ბ.თ.-სთან ერთად იზოლატორში მყოფი პირის
განმარტებით, დაკავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების წასვლის
შემდგომაც ითხოვდა სამედიცინო დახმარებას, თუმცა ექიმი აღარავის
გამოუძახია. იმავე დღეს, 16 საათსა და 47 წუთზე, აღმკვეთი ღონისძიების
შერჩევის მიზნით სასამართლოში გადაყვანამდე, ბ.თ იზოლატორის დერეფანში
გარდაიცვალა."- ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა მომხდარს იძიებს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას
გულისხმობს.
სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებული
ყურადღება უნდა მიექცეს ბ.თ-სთვის ადეკვატური და გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხის შესწავლას, ასევე, რამდენად
ჯეროვნად განახორციელეს დროებითი მოთავსების იზოლატორის
თანამშრომლებმა მათი მოვალეობები და რა საფუძვლით არ გამოიძახეს
სამედიცინო დახმარება განმეორებით.
აღნიშნული გარემოებები, სახალხო დამცველის აზრით, სადავოს ხდის
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას სს კოდექსის 115-ე
მუხლით. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, მოხდეს
ფაქტის დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები