საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კოჯორში
აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი 2014 წელს გაუჩინარებული გურამ
კვეზერელისაა.
უწყების ცნობით, 2014 წლის 17 დეკემბერს, თბილისის ზღვის დასახლებაში,
საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნაპოვნი იქნა 1965 წელს დაბადებული ნატო
კვეზერელის ცხედარი, ხოლო მისი შვილი - 1986 წელს დაბადებული გურამ
კვეზერელი გაუჩინარდა.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაადგინეს, რომ 2-მა პირმა
კვეზერელების კუთვნილი თანხის დაუფლების მიზნით, დედა-შვილის
მკვლელობა დაგეგმა.
"ამ მიზნით, 2014 წლის 17 დეკემბერს დამნაშავეებმა კოჯორში, ერთ-ერთ
აგარაკზე, მოტყუებით მიიყვანეს გურამ კვეზერელი და ცივი იარაღით
მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე
გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავეებმა გარდაცვლილის
ცხედარი მოათავსეს კასრში, დაასხეს სპეციალური მჟავა და აგარაკის
ეზოში ჩამარხეს.
იმავე დღეს, აღნიშნული პირები, განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის,
მივიდნენ თბილისის ზღვის დასახლებაში, გურამ კვეზერელის დედის, ნატო
კვეზერელის სახლში. ნატო კვეზერელს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა
მიაყენეს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა
სახლიდან 12 000 აშშ დოლარი, გურამ კვეზერელის სახელზე გაფორმებული 2
ცეცხლსასროლი იარაღი, პორტატიული კომპიუტერი, პირადი ნივთები გაიტაცეს
და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ."- განმარტავენ შსს-ში.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ნაპოვნია გარდაცვლილი გურამ კვეზერელის ცხედარი, ამოღებულია
გარდაცვლილის სახლიდან გატაცებული პორტატიული კომპიუტერი და მისი
კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები
დამნაშავეების, დანაშაულის ადგილებისა და ცხედრებიდან აღებული დნმ-ის
ნიმუშების იდენტიფიცირებისთვის.
აღნიშნულ საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის
ბრალდებით, შსს-ს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება მათ
მიმართ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება უშუალოდ დანაშაულის ჩამდენ პირებს, მათ ბრალი საქართველოს
სსკ-ის 109-ე მუხლით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან
მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ერთ-ერთი ბრალდებული
დაკავებულია.
სამართალდამცველებმა მეორე დამნაშავის ადგილსამყოფელიც დაადგინეს, იგი
საზღვარგარეთ იმყოფება და მისი ექსტრადირებისთვის შესაბამისი
ღონისძიებები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები