პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე გამოძიებას კონსულტაციას FBI უწევს
საქართველოს მთავარი პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი
ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ვინაიდან ხსენებული ვიდეოკადრები, როგორც ცნობილია აიტვირთა
ინტერნეტ გვერდებზე - „FACEBOOK”-ზე და “YOUTUBE”-ზე, თანამშრომლობის
ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ
დახმარებასთან ერთად, უწყებამ მიმართა საგამოძიებო პროცესში
გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის
გამოყოფის თხოვნით. ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი
მიმართვისთანავე გამოთქვა. შესაბამისად, დახმარების აღმოჩენის მიზნით
საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ
სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის
შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI)
წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიების
საჭიროებებიდან გამომდინარე აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან
თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად, დისტანციურ
რეჟიმში."
უწყების ინფორმაციით, შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ,
რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა
სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებით,
ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
"კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების
გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ
მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა
ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული
კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53
ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი;
ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება,
ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული
ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია
გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა
50-მდე პირი. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის
მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო
სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად
შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად
თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ
ორგანოებთან."
შეგახსენებთ, რომ გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი
ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
მასალის გამოყენების პირობები