ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის მოსახლეობა
დაკავებული სამი ახალგაზრდის გათავისუფლებას ითხოვს.
ისინი გამოძიების ვერსიას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პოლიცილები
დაკავებულებსა და თვითმხილველებს ფიზიკურად თავად გაუსწორდნენ.
შსს-ს ამტკიცებს, რომ პოლიციაში შესული შეტყობინების მიღებისთანავე,
სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, სადაც, წინასწარი
ინფორმაციით, ხე-ტყე უკანონოდ იჭრებოდა. მითითებულ ადგილზე მისვლამდე,
პოლიციელებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფოდაანში, ტყის მასივის
მიმდებარე ტერიტორიაზე, საეჭვოდ მოძრავი "ფორდ-ტრანზიტის" მარკის
მიკროავტობუსი შენიშნეს. ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერეს,
რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა, შენგელი ტ-მ, ყოველგვარი
ახსნა-განმარტების გარეშე, პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა.
ადგილობრივის ელგუჯა ტაბატაძის თქმით კი, ახალგაზრდები მინდორში
საქეიფოდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც შეხლა-შემოხლა მოხდა.
- "პურს ჭამდნენ მინდორში, ხეს კი არ ჭრიდნენ. გზაში მანქანა
ტალახში ჩაუვარდათ, რა დროსაც პოლიცია დაადგათ თავზე. უთქვამთ, აქ რას
ქეიფობთ, განა ბულვარიაო. ერთ-ერთ პოლიციელს დედა შეუგინებია, რაც
დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნაცემები იყვნენ, თვითმხილველებმა
გვითხრეს, სისხლს ძლივს ვუჩერებდითო. ამ ამბავს სხვებიც შეესწრნენ,
ზოგს ფერმა აქვს და იქ იყვნენ. უდანაშაულო ბიჭები დაიჭირეს, პატარა
ბავშვები ჰყავთ, ბანკის ვალი აქვთ. ვინ შეუნახავთ შვილებს. სხვა
გამოსავალი არ გვაქვს, თუ არ გამოუშვებენ სოფელი გზას
გადავკეტავს."- აღნიშნა მან speqtri.ge-სთან.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ინცინდენტის დროს პოლიციელები ნასვამ
მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, აფენში სროლის ხმაც
ისმოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით, პოლიცილებს ადგილობრივებმა
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართალდამცველებმა კი
ერთი გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.
აფენში მომხდარ ფაქტს სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს.
მომხდარზე გამოძიება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, პოლიციელის
მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის
შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი
ძალადობის ფაქტზემი მდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2
ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები