საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბესარიონ
ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნა.
მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული
საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის
მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს
დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973
წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.
"საქმეზე მიმდინარე გამოძიების პროცესში ამოღებულ იქნა დეტალური
ინფორმაცია საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების კუთვნილ 154
სატელეფონო ანძაზე გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში დაფიქსირებული
შემავალი და გამავალი ზარების შესახებ. საგამოძიებო ჯგუფის მიერ
დამუშავებული იქნა ხსენებულ ანძებზე დაფიქსირებული 26 173 614 ზარი,
მოკლე ტექსტური შეტყობინება და ინტერნეტ აქტივობა. გამოძიების
პროცესში ასევე ამოღებული და გამოკვლეული იქნა საქართველოს
ტერიტორიაზე, მათ შორის დედაქალაქში განთავსებული საჯარო და კერძო
დაწესებულებების კუთვნილი გარე მეთვალყურეობის კამერების ჩანაწერები,
რომელთა საერთო ხანგრძლივობა აღემატება 4900 საათს. გარდა ამისა,
დაიკითხა ათეულობით თვითმხილველი და გამოძიებისათვის საინტერესო
ინფორმაციის მქონე მოწმე, ჩატარებული იქნა დამნაშავე პირთა
ამოცნობები, ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო, ტექნიკური, ბიოლოგიური,
ქიმიური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბალისტიკური ექსპერტიზები."-
განმარტავენ პროკურატურაში.
2016 წლის 12 იანვარის დადგენილებით, ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა
დაზუსტებული ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ
მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური
დოკუმენტის გამოყენებისათვის, საქართველოს სსკ-ის 109-მუხლის მე-3
ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით,
344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების
აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი 2015 წლის 28 მარტს მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები