პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, საგზაო მოძრაობის წესების
დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდება.
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონთან ერთად, ცვლილებები
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც" შევა.
პროექტის თანახმად, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი
ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და საპირისპირო მიმართულებით მოძრაობაზე,
წესდება ახალი ადმინისტრაციული ჯარიმა – 300 ლარის ოდენობით.
მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მძღოლის მიერ ქვეითად
მოსიარულეებთან მიმართებაში წესების დარღვევაზე – პირველი დარღვევის
შემთხვევაში ჯარიმა იქნება – 40 ლარი, იმავე ქმედების განმეორებით
ჩადენის შემთხვევაში კი – 150 ლარი.
ადმინისტრაციული ჯარიმა 200-დან 300 ლარამდე იმ პირის მიმართ იზრდება,
რომელიც საქალაქო, საქალაქთაშორისო ან საერთაშორისო რეისებით
მგზავრების რეგულარული გადაყვანისას სიჩქარეს გადააჭარბებს.
ასევე იზრდება ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური
საშუალებით სარგებლობისთვის დაწესებული ჯარიმა და შესაბამისი
ადმინისტრაციული სანქცია 10 ლარის ნაცვლად, 30 ლარი იქნება.
ძალაში რჩება ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლისთვის
ავტომანქანის მართვის მოწმობის 6 თვით შეჩერება, თუმცა მართვის
უფლების აკრძალვის ჯარიმით შეცვლის წესი იცვლება.
კერძოდ, თუკი ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, მოქალაქეს შეუძლია, მართვის
უფლების აკრძალვის მეორე დღიდანვე მისი ჯარიმით შეცვლა მოითხოვოს,
პარლამენტში ინიცირებული პროექტით, პირს ასეთი უფლება მხოლოდ 3 თვის
გასვლის შემდეგ ექნება.
ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში 21 იანვარს გაიმართება.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის
მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.
მასალის გამოყენების პირობები