[caption id="attachment_2297" align="alignright" width="204" caption="სოფო ნიკოლაშვილი"]
[/caption]
კახეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 31 იანვარს ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა. პროკურატურა მას პოლიციის თანამშრომლის გიორგი სიბაშვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. დაკავებული ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ გიორგი სიბაშვილმა ის ჯერ გააუპატიურა, ფოტოები გადაუღო და მისი გამოქვეყნებით აშანტაჟებდა. აღნიშნული დანაშაულიც სწორედ მის მიერ იყო პროვოცირებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებ გვერდზე 1 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ
"კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს" თანამშრომლებმა დააკავეს სოფიო დავითის ასული ნიკოლაშვილი. ბრალდებულმა, სოფიო ნიკოლაშვილმა წინასწარი განზრახვით საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან მოიპარა მამამისზე, დავით ნიკოლაშვილზე რეგისტრირებული `ტანფულიოს~ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და შურისძიების მოტივით გადაწყვიტა მოეკლა გიორგი გოჩას ძე სიბაშვილი. მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოყვანის დროს გიორგი სიბაშვილი შეეცადა ნიკოლაშვილისათვის იარაღის წართმევას, რა დროსაც იარაღიდან მოხდა გასროლა, თუმცა გასროლის შედეგად გიორგი სიბაშვილი არ დაშავებულა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-108 და 236 მუხლებით. (მკვლელობის მცდელობა, იაღაღის უკანონო ტარება) დაკავებული აღიარე
ბს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. "
სოფო ნიკოლაშვილს 35-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა და თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან რუსთავის კოლონიაში გადაიყვანეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღნიშნული ინციდენტი 31 იანვარს, ქალაქ გურჯაანში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე საღამოს მოხდა. სამართალდამცავების ცნობით, სოფიო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისათვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა მან იარაღი წარრთვა, რის შემდეგაც სოფო ნიკოლაშვილი პოლიციაში თვითონ მიიყვანა და სამართალდამცავებს გადასცა. გიორგი სიბაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მამამისი გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა, ბიძა გოგიტა სიბაშვილი კი-კახეთის ვიცეგუბერნატორი.
სოფიკო ნიკოლაშვილის მამის დავით ნიკოლაშვილის თქმით, გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა.
"მან ჩემს შვილს შეურაცხოფა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სოფოს მისი მოკვლა არ უნდოდა, კიდევ რომ ცდილობდა შეურაცხოფის მიყენებას, გაისროლა," _ აღნიშნა დავით ნიკოლაშვილმა (ick.ge).
სტუდია GNS-ის მიერ მომზადებულ კვირის რეპორტაჟში საუბარია იმის შესახებ, რომ სოფო ნიკოლაშვილმა კოლონიიდან გამოგზავნა წერილი, რომელიც ის მომხდარის შესახებ საუბრობს და ორ მოთხოვნას აყენებს. ის მოითხოვს, რომ მოხდეს კახეთის რეგიონისთვის აცილება და აღიძრას საქმე გიორგი სიბაშვილის წინააღმდეგ გაუპატიურების ფაქტზე, თუმცა ორივე მოთხოვნაზე მან უარი მიიღო. როგორც ამავე რეპორტაჟიდან ირკვევა, სოფო თავის წერილში აღწერს, თუ რა მოხდა 31 იანვრის საღამოს რეალურად:
"მე იარაღი გამოვიღე სეიფიდან და როდესაც მანქანაში ჩავჯექი, მისი მოთხოვნის შემდეგ დაუყოვნებლივ გადავეცი. როდესაც მივედით ე.წ. ქსელების ტერიტორიაზე,მ გიორგი სიბაშვილმა მოახდინა ერთი გასროლა. მე იარაღებში საერთოდ ვერ ვერკვევი და არც მისი მარკა არ ვიცი. შესაბამისად თუ რა მდგომარეობაში იყო იარაღი, არ ვიცი. მე მხოლოდ, მისი მოთხოვნა შევასრულე, რომ იარაღი მეჩვენებინა. რადგან იგი მაშანტაჟებდა იარაღის გამოყენებით. გასროლის შემდეგ გიორგი სიბაშვილი მოკვლით მემუქრებოდა. იგი მემუქრებოდა, რომ საკუთარი მამის იარაღით მომკლავდა და იქვე დამმარხავდა ისე, რომ ვერავინ მიპოვიდა. პოლიციაში მისვლამდეც მსგავს მუქარას ჰქონდა ადგილი."
როგორც ამავე წერილში სოფო აღნიშნავს, დაკითხვის დროს ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
"დამკითხა მარინა ფოცხვერაშვილმა. დაკითხვას ასევე პოლიციელი იღებდა ვიდეოკამერით. დაკითხვისას ხშირად შემოდიოდნენ პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე. მე კატეგორიულად ვითხოვდი ადვოკატს და ერთი ზარის უფლებას, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ არ იყო საჭირო ადვოკატი. რადგან დაკითხის დროს პოლიციელები ხშირად შემოდიოდნენ, მე მივხვდი, რომ პარალელურ რეჟIმში მიმდინარეობდა გიორგი სიბაშვილის დაკითხვა. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მივეცი ჩვენება, რომელსაც არ ესწრებოდა ჩემი ადვოკატი და არ მომეცა შესაძლებლობა ჩვენება მიმეცა სრულყოფილად. მე არანაირი საშუალება არ მქონდა დამეცვა საკუთარი უფლება."
როგორც სოფო ნიკოლაშვილის ადვოკატი, მამუკა ნოზაძე განმარტავს, ექსპერტიზამ გაუპატიურების ფაქტი დაადასტურა, თუმცა არგამორიცხავს, რომ სიბაშვილების გავლენის გამო, ექსპერტიზის დასკვნა შეიცვალოს.
ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" ხელმძღვანელის, ლია მუხაშავრიას თქმით, ის ფაქტი, რომ რაიონის საგამოძიებო ორგანომ არ მოითხოვა თვითაცილება, უკვე მიუთითებს, რომ სოფო ნიკოლაშვილი, უკანონოდაა დაკავებული.
წინასასამართლო სხდომა სოფო ნიკოლაშვილის საქმეზე 9 მარტს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები