"კბილები ჩამიმტვრიეს“- გურჯაანის პოლიციის უფროსს ცემაში ადანაშაულებენ
გურჯაანელი 19 წლის ახალგაზრდა ლადი ელიკაშვილი, გურჯაანის შს
რაიონული სამმართველოს უფროსს გიორგი კრაწაშვილსა და სხვა
სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს.
- "ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა, გოგოს დედამ იჩივლა. პოლიციაში ამბის
გასაგებად გადავედით. მილიციის ეზოში არც შევსულვარ, სადღაც 10-15
მეტრში ვიყავი. პოლიციელები მოვიდნენ და მითხრეს, გამოგვყევი პოლიციის
უფროსი გეძახისო. მამაჩემს უთხრეს, დავკითხავთ და ჩამოვაო. როგორც
შემიყვანეს, არც არაფერი უკითხავთ, ესევე ცემა დამიწყეს. პოლიციის
უფროსი გიორგი კრაწაშვილი, შოთა მოსულიშვილი, გიორგი დარეჯანაშვილი,
გოჩა აფციაური, მიშკა ფირანიშვილი მირტყავდნენ. ეგ მიშკა პოლიციელი არ
არის, რიგითი მოქალაქეა. ვიკითხე, რატომ მცემთ-მეთქი, უფროსს
მიაფურთხე და იმიტომო. მათთან ახლოს არც მივსულვარ. სასამართლოზე სულ
სხვა რამეს ამბობდნენ, გვაგინებდა, არ გვემორჩილებოდა და ამიტომ
დავაკავეთო, სხვა საბუთები შემიკერეს," - აღნიშნა ლადი
ელიკაშვილმა speqtri.ge-სთან. მომხდარს ის პირად ინტერესს უკავშირებს.
- "ჩემი სიძე გურამ ნაცვლიშვილი გურჯაანის რიონულ
სამმართველოში მუშაობდა. აქედან სიღნაღში გადავიდა, ეხვეწებოდნენ
დარჩიო, რაკი არ დარჩა, გადაეკიდნენ. ცემის დროს მეუბნებოდნენ, რატომ
ისე არ გცემთ, სიღანაღამდე ავიდეს შენი ხმაო." - "2
კბილი მქონდა ჩამტვრეული, ტუჩი გახეთქილი, ცხვირი დასიებული,
დაბეჟილობები, შიდა ქალის დაზიანება და ტვინის შერყევა“
ინცინდენტის შემდეგ ლადი ელიკაშვილი შს გურჯაანის რაიონული
სამმართველოდან ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში
გადაიყვანეს.
"ყვარლის წინასწარი დაკავების იზოლატორში ლადი ელიკაშვილის
მოთავსებამდე, იზოლატორის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სასწრაფო
სამედიცინო დახმარება გამოიძახა დაკავებულის შემოწმების მიზნით. ექიმი
სამედიცინო ბარათში (N531) მიუთითებს, რომ ლადი ელიკაშვილს აქვს
ჭრილობა, დაჟეჟილობა და ტკივილები სახის არეში."(ick.ge)
გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ დავით ნარიმანიშვილმა ის
სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული სამართალდარვევათა
კოდექსის 166-ე მუხლის თანახმად (წვრილმანი ხულიგნობა) 100 ლარით
დააჯარიმა. ბრალდებულმა ჯარიმა გადაიხადა, თუმცა სასამართლოს
გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ამიტომ მან პროკურატურას მიმართა.
უწყებამ ის უკვე დაკითხა. აქვე განვმარტავთ, რომ ლადი ელიკაშვილი
გურჯაანის შს რაიონულმა სამმართველომ 29 ოქტმბერს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის დააკავა.
აღნიშნული მუხლი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების
პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მის
მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს
(გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული
შემთხვევისა) და იწვევს დაჯარიმებას 250 ლარიდან 2000 ლარამდე ან
ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ დანაშაული ან
გადაცდომა გამოიკვეთა, ყველა პირი, სათანადოდ დაისჯება.
მასალის გამოყენების პირობები