ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გუშინ საღამოს, თბილისი-ბაკურციხე- ლაგოდეხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე.
როგორც ადგილზე გავარკვიეთ, სატვირთოს მსხვილფეხა პირუტყვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან თელავის მიმართულებით გადაჰყავდა.
ავარიის მიზეზი სამუხრუჭე სისტემის მოშლა გახდა. მძღოლმა ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა. როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, ადგილზე მოკვდა ერთი ძროხა, დანარჩენები კი, დაშავდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოების 125-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა) 10-ე ნაწილით.
აღსანიშნავია, რომ
თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოა და მიმდინარე წელს უკვე 67 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე გელა კვაშილავა აღნიშნავს: „მთავარი ის არის, რომ ყველა ტრაილერს დაცული უნდა ჰქონდეს ტვირთის გადატანის ნორმები, რაც სამწუხაროდ იშვიათობაა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სიჩქარის კონტროლია. ბევრ მანქანაზე, რომელიც საქართველოში ტვირთების გადატანას ახდენს, ტვირთის მოცულობა დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბებულია. ამ ორი კომპონენტის დარღვევა იწვევს ზუსტად ასეთ ავარიებს“.
მისივე თქმით, აუცილებელია ინფრასტრუქტურული ელემენტების გათვალისწინება: „ამ მოსახვევთან უნდა დაიდგას მეტი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომ არის მკვეთრი მოსახვევი. ხშირად აუცილებლობა მოითხოვს სარკეების დაყენებას, რომ მანქანის მოძრაობის დანახვა ორივე მხრიდან იყოს შესაძლებელი. ეს არის შიდასახელმწიფოებრივი გზა, სადაც ტვირთების გადატანა აქტიურად ხორციელდება. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ გზებზე, სადაც ტრაილერები დადის, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შესაბამისი ნიშნების არსებობას, რაც ფაქტობრივად არ არსებობს“.
მასალის გამოყენების პირობები