ინგა ბიტარაშვილი
გასულ კვირას, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ჭიაურის სამონადირეო მეურნეობა შპს `ფაუნამ~ `სპექტრის~ რედაქციას აცნობა, რომ მდინარე `აფენკის~ ნაპირას ოთხი მოქალაქე ე.წ. დენის აპარატით, უკანონოდ თევზაობდა. შპს `ფაუნას~ დაცვის უფროსი ზურაბ გოგოლაძე განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი დაბინდებისას დაახლოებით 19 საათზე დაფიქსირდა.
`შებინდებისას, მე, უფროსი ეგერი გურამ თევდორაძე და რეინჯერი კობა კარაპეცკი შემოვლას ვაწარმოებდით, როდესაც მდინარე `აფენკის~ ნაპირას რაღაც მოძრაობები შევნიშნეთ. აღმოჩნდა, რომ უკანონოდ თევზაობდნენ, თან დენის აპარატი და მაშუქი ჰქონდათ. ვეცადეთ ისე დავდგომოდით თავს, რომ არ დავენახეთ, ამიტომ გაუვალი ბარდებიდან მოვუარეთ, მაგრამ ხმაურზე გაიქცნენ. ამის შემდეგ პოლიცია გამოვიძახეთ,~ _ გვითხრა ზურაბ გოგოლაძემ. მისივე თქმით, უკანონოდ მოთევზავე მოქალაქეები მაშინვე ამოიცნეს და გამოძიებაც უკვე მიმდინარეობს. `სულ ოთხნი იყვნენ, რომელთაგანაც სამი პიროვნება ამოვიცანით. ესენი არიან: ტარიელ კაპანაძე, ლერი და თემურ ტაბატაძეები. მეორე დილით ლერი ტაბატაძემ ჩვენთან ერთად პოლიციას განუცხადა, რომ ე.წ. ეკრანით თევზაობდნენ და არა ელექტროშოკით. არადა სამართალდამცველებმა დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომ მის მანქანას აკუმულატორი არ ედგა. თუმცა, თავად ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ გასანათებლად სჭირდებოდა. მოგვიანებით კი, კონკრეტულ ადგილას აპარატურაც ვნახეთ, რომელიც სიჩქარეში დარჩენოდათ და პოლიცია კვლავ გამოვიძახეთ. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება,~ _ განმარტა შპს `ფაუნას~ დაცვის უფროსმა. როგორც იურისტი ლია ჭუნიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ჯარიმითა და თავისუფლების აღკვეთითაც ისჯება. აღსანიშნავია, რომ მდინარე `აფენკის~ სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთებზე, ანკესით თევზაობა დაშვებულია. `ცხოველთა სამყაროს შესახებ~ საქართველოს კანონით კი ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით თევზჭერა აკრძალულია.
მასალის გამოყენების პირობები