გუშინ ღამით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ე.წ. ოცის ტყეში, რომელიც შპს „ფაუნას“ მფლობელობაშია, აკაციის ხეების უკანონოდ მოჭრისთვის ორი ადგილობრივი პირი დააკავეს.
როგორც speqtri.ge-ს შპს „ფაუნას“ დაცვის უფროსმა ზურაბ გოგოლაძემ განუცხადა, ხეების უკანონო ჭრის შესახებ ინფორმაციას ფლობდა, რის გამოც პერმანენტულად ხდებოდა დადარაჯება. წუხელ დაცვის თანამშრომლებმა დამნაშავეებს ფაქტზე წაასწრეს და შეატობინეს როგორც გარემოს ზედამხედველობის სამსახურს, ასევე შსს-ს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოს. „ათას ძირზე მეტი აკაცია მოჭრეს. 500 ძირის გატანა მოახერხეს, ხოლო დარჩენილი ხუთასის გატანისას დავაკავეთ. ერთ-ერთი დამნაშავე ე.წ. „სტარტერიჩია“, რომელიც თავის ახლობელთან ერთად ეზიდებოდა ხეებს. პოლიციამ ორივე მაშინ დააკავა, როცა უკვე მოჭრილი ხეები ტაჩკისკენ მიჰქონდათ. ჩამოვართვით მასალაც და საჭაპანე ტრანსპორტიც. ხეები ხელწერილით გადმოეცა შპს „ფაუნას“, ამ წუთებში თანამშრომლები მივდივართ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დავასაწყობოთ“.
ზურაბ გოგოლაძის თქმით, ხეების უკანონო ჭრის შემთხვევა პირველი არ არის და ეჭვი აქვს, რომ დანაშაულს სხვა პირებიც სჩადიოდნენ, თუმცა ვინაობა მისთვის უცნობია. „ამათ ზამთარი და ზაფხული არ იციან, ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდნენ და ხეები მოჭრან. ეს პროცესი უკვე დიდი ხანია გრძელდება და ვფიქრობ, დამნაშავე მხოლოდ ეს ორი პირი არ იქნება. მათი დაკავება აქამდე იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ დანაშაული ცივილიზებული მეთოდით ხდება, ტელეფონები აქვთ და ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ დაცვის თანამშრომელი თავზე არ დაადგეს. ჩემი ინფომაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მართალია, ორი პირია დაკავებული, მაგრამ სავარაუდოდ, ჯგუფურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, რადგან ეს ორი კაცი ამ რაოდენობის ხეს ვერც მოჭრიდა, ვერც გაზიდავდა და ვერც დაასაწყობებდა“.
გოგოლაძე ამბობს, რომ მათი დაცვის ქვეშ არსებულ „სახელმწიფო ტყის ფონდში“ შემავალ, ყოფილი ალაზნის სატყეოს ერთ-ერთ ქვეტერიტორიაზე (ოცის ტყე) ძალიან კარგი საბოძე მასალაა და რაც ვენახების გაშენება დაიწყო, დამნაშავეებიც არ ისვენებენ. „უსერიოზულესი აკაციის საბოძე მასალაა. ამბობენ, რომ თითო ბოძი 2-3 ლარი ღირს. დამნაშვეეები აკაციას როგორც ადგილობრივად, ასევე მუნიციპალიტეტის გარეთ ყიდიდნენ. როგორც ვიცი, ყვარლის რაიონშიც გაჰქონდათ“.
speqtri.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუმარტეს, რომ დანაშაული ლაგოდეხის რაიონულმა სამმართველომ გამოავლინა: „ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს და ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გაირკვევა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, თუ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდებიან.“
მასალის გამოყენების პირობები