სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა.
მისი განცხადებით, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში რევოლუციური მნიშვნელობის სიახლე-მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემა ინერგება,რაც უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება.
მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა გულისხმობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაციას პიროვნების, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრისგან გამომდინარე საშიშროების რისკის მიხედვით. მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან.მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს. მულტიდისციპლინური ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს.
შედეგად, მსჯავრდებულები შესაბამისი რისკის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადანაწილდებიან.
- საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
- საშიშროების საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული - ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
- საშიშროების მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული - დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;
- საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული - განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
ამასთან, რისკების პირველადი შეფასების შემდეგ, პერიოდულად, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში, მოხდება მსჯავრდებულის რისკის გადაფასება იმისთვის, რომ პატიმარს შესაძლებლობა მიეცეს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, შეამციროს თავისი რისკის ხარისხი და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიდეს.
მასალის გამოყენების პირობები